ანტონიო სალიერის შესახებ…
დღემდე დიდი დავის საგნად არის ქცეული გენიალური ავსტრიელი კომპოზიტორის – ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის გარდაცვალების გარემოება.ოფიციალური სამედიცინო დასკვნების თანახმად,მოცარტი დაავადებული გახლდათ ”ანთებითი რევმატიული ციებ-ცხელებით”,რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია (აღნიშნულ ვერსიას ადასტურებს სხვა მრავალი თანამედროვე პერიოდის მედიკოსიც).საყურადღებოა გავითვალისწინოთ ის გარემოება,რომ ასეთი სახის ეპიდემია 1791 წლის შემოდგომაზე ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ერთობ გავრცელებული გახლდათ და ამადეუსი ერთადერთი ადამიანი არ ყოფილა,რომელიც მას შეეწირა.მიუხედავად ამისა,ახალაგაზრდა მოცარტის მოწამვლასა და გარდაცვალებში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ბრალი ედებოდა მის ერთ-ერთ უმთავრეს კონკურენტს,იტალიური წარმომავლობის მქონე დიდ ავსტრიელ კომპოზიტორს,დირიჟორსა და ავსტრიის სამეფო კაპელმეისტერს – ანტონიო სალიერის (1750-1825 წლები).მისი საოცარი მუსიკალური ნიჭის განსაზღვრა არა მარტო ავსტრიის სამეფო კაპელმეისტერის ფუნქციით გახლავთ შესაძლებელი,არამედ იმ მოსწავლეების სახელებითა და გვარებითაც,რომლებიც სალიერიმ აღზარდა – ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი,ფერენც ლისტი,ფრანც პეტერ შუბერტი და სხვები. (ავტორი გენია.ჯი)
კაცთა მოდგმის უკურნებელი სენი რომ – შურია,ეს ახალი არავისთვის არ არის.ასევე იყო სალიერისა და მოცარტის შემთხვევაშიც.ერთ-ერთ ყველაზე უიღბლო გენიოს კომპოზიტორს სწორედ იმ პერიოდში მოუწია მოღვაწეობა,როდესაც ვენის კლასიკური სკოლის სცენაზე ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი გამოჩნდა.ფაქტია,რომ მოცარტის გენიალურმა შემოქმედებამ იგი ჩრდილში მოაქცია,რაც ესოდენ პატივმოყვარე სალიერის სულიერ და მორალურ განადგურებას უწყობდა ხელს.შესაბამისად,შეიძლება ითქვას,რომ ანტონიო სალიერის მზე მოცარტის გამოჩენისთანავე ჩაესვენა.ამას თან ერთვოდა ის ინტრიგებიც,რომელშიც თავისი არაკეთილისმსურველები მუდმივად ხლართავდნენ.უკანასკნელი ოპერა დიდმა მაესტრომ და ბავშვობიდანვე ღრმადმორწმუნე სალიერიმ 1804 წელს დაწერა.როგორც ცნობილია,ანტონიოს სასულიერო მუსიკა იტაცებდა და ხშირად აღნიშნავდა კიდეც,რომ მუსიკას საკუთარი თავისთვის და ღმერთისთვის წერდა.ის ასევე აქტიურად იყო დაკავებული პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობითაც.მის სახელთან ასოცირდება ვენაში კონსერვატორიის დაფუძნება,რომლის რექტორიც თავად იყო.
35 წლის ასაკში მყოფი მოცარტის მოულოდნელმა გარდაცვალებამ,სალიერი უდიდესი დარტყმის ქვეშ მოაქცია,რადგან მისმა მტრებმა ამადეუსის სიკვდილში ბრალი სწორედ მას დასდეს.ასეთმა ხმებმა კი მისი ავტორიტეტი ფაქტიურად მიწასთან გაასწორა.გამოჩენილი გერმანელი მუსიკათმცოდნე – ალფრედ აინშტაინი აღნიშნავდა,რომ სალიერის წინააღმდეგ აგორებული საშინელი კამპანია მხოლოდ ცილისწამებასა და ჭორებზე იყო აგებული. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილი ავსტრიელი მუსიკათმცოდნე – ოტო რეიხ დოიჩი შენიშნავდა,რომ ერთ დროს შესანიშნავი მეხსიერებისა და მყარი ნერვების მქონე ანტონიოს ფსიქოლოგიური მდგომარეობა ამ საშინელმა ცილისწამებამ საბოლოოდ გაანადგურა,რამაც თავის მხრივ კომპოზიტორს ნერვული შეტევა განუვითარა.მას შემდეგ,რაც ცილნაწამებმა და ღირსებაშელახულმა სალიერიმ თვითმკვლელობის აქტის ჩატარება სცადა,იგი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს.სწორედ სალიერის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ყოფნისას იქნა გავრცელებული ხმები იმის შესახებ,რომ თითქოს სალიერიმ ერთ-ერთი ნერვული შეტევის დროს აღიარა მოცარტის მოწამვლა.ეს ფაქტი თავის დღიურში აღწერილი აქვს ლუდვიგ ვან ბეთჰოვენსაც,თუმცა იგი სხვვებისაგან განსხვავებით კატეგორიულად უარყოფდა მისი მასწავლებლის წინააღმდეგ მიმართულ ყველა ცილისწამებას.ერთნი ამბობდნენ,რომ თუნდაც ასეთი რამ ეღიარებინა სალიერის,ფსიქიკაშერყეულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანისაგან ეს მაინც არ იყო დასაჯერებელი. ფ.როხლიცი ანტონიოს გარდაცვალებისადმი მიძღვნილ ნეკროლოგში წერდა: ” …მისი აზრები დროთა განმავლობაში კიდევ უფრო დამაბნეველი ხდებოდა; ის საკუთარ თავს ისეთ ამაზრზენ დანაშაულებებში სდებდა თავს,რომელიც თავში თავად მის მტრებსაც კი რომ არ მოუვიდოდათო”.
სერიოზულმა კვლევებმა დაადასტურა,რომ სალიერის მოცარტის სიკვდილში ბრალი არ მიუძღოდა და ეს არც არასოდეს არ უღიარებია. 1824 წლის 25 ივნისს დაიკითხა ის ორი კლინიკის მედიკოსი,რომლებიც სისტემატიურ ზედამხედველობას უწევდნენ ფსიქიკაშერყეულ ანტონიო სალიერის.მათ საჯაროდ განაცხადეს,რომ ანტონიოსაგან არასოდეს მოუსმენიათ მსგავსი სახის აღიარება.ამასვე ადასტურებდა სალიერის პირადი ექიმი რერიხიც.მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანია თავად მოცარტის ოჯახის წევრებისა და მოცარტის უახლოესი მეგობრის – სიგიზმუნდ ფონ ნეიკომის მიერ ფრანგულ გაზეთში – “Journal des Debats”-ში გამოქვეყნებული სტატია,სადაც სიტყვასიტყვით ეწერა: “მრავალი გაზეთი იმეორებს იმას,რომ სიკვდილის სარეცელზე მყოფმა სალიერიმ აღიარა საშინელი დანაშაული, – კერძოდ ის,რომ მას ჰქონდა წვლილი დადებული მოცარტის მკვლელობაში.თუმცა ვერც ერთი გაზეთი ვერ ამტკიცებს ამას და ვერ უთითებენ თუნდაც ერთ სანდო წყაროს,საიდანაც ეს ინფორმაცია დადასტურდება იმ ადამიანის მიმართ,რომელსაც მთელი ვენის მოსახლეობა 58 წლის მანძილზე დიდ პატივს მიაგებდა.ყოველი ადამიანის მოვალეობაა თქვას ის,რაც პირადად მისთვის ზუსტად არის ცნობილი და არ გამოთქვას ის საშინელი ცილისწამება,რომელიც სამარადჟამოდ დაასვამს დაღს ამ დიდი ადამიანის ხსოვნას”.
გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ანტონიო სალიერი ერთსა და იმავე სიტყვებს იმეორებდა: “ყველაფერი შემიძლია ვაღიარო,მაგრამ მე მოცარტი არ მომიკლავს”.ასეთი აღიარება სალიარის არც მის უკანასკნელ ზიარებაზე გაუკეთებია თავის მოძღვართან. 1825 წლის 7 მაისს მოცარტის მკვლელობაში ცილისმწამებლურად ბრალდებული დიდი კომპოზიტორი – ანტონიო სალიერი გარდაიცვალა.მიუხედავად იმისა,რომ ბუნებაში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება მის მიერ მოცარტის მოწამვლისა,ანტონიო სალიერის წინააღმდეგ მისი მტრების მიერ წარმართულმა აღვირახსნილმა ცილისმწამებლურმა კამპანიამ თავისი შედეგი მაინც გამოიღო: ჭკუიდან შეიშალა ღვთისმოშიში და გენიალური კომპოზიტორი,რამაც მისი გარდაცვალება დააჩქარა. (ავტორი გენია.ჯი)