ვახუშტი კოტეტიშვილი – “ჩვენს ახალგაზრდებს”
არ მიწერია სონეტები,ტრიოლეტები,
ჭიუხებიდან მე მონბლანებს არ ვებღოტები,
ქართული ლექსის კალაპოტშიც კარგად ვეტევი
და სიმღერისთვის არ მჭირდება უცხო ნოტები.
* * *
თუკი გსმენიათ თქვენ ოდესმე ლექსი ქართული,
გულიდან სიტყვის ამოფრქვევას ყურს თუ მოკრავდით,
იგრძნობდით,ჩვენში თვით მწყემსიც კი,ლექსით გართული,
პოეტია და არის სულით არისტოკრატი.
* * *
თუნდ იფიქროთ,რომ ჩემი ქება საზღვრებს გადადის,
თუნდ დამაბრალოთ ამბიცია და ირონია,
მე ვთვლი,რომ მთქმელი ”ვეფხვისა და მოყმის ბალადის”
ბრძენია,თანაც - გოეთე და ბაირონია!
* * *
მე არ გეგონოთ ვინმე უტუ, “ურა ქართველი”,
რომელსაც უყვარს სამშობლოზე ენის ტარტალი,
ჩვენს ხალხურ ლექსებს თავზე ადგას უფლის ნათელი,
ვამბობ და ვიცი,რომ ეს სიტყვა არის მართალი!
* * *
იქნებ ჩვენ თქვენზე ადრე ვცნობდით ლორკებს,თაგორებს,
ლი-ბოებსა თუ ხაიამებს,რილკეს,ელიოტს,
მათი წიგნები თარგმანებად ავამთაგორეთ,
მაგრამ ეს განა იმას ნიშნავს,რომ შეველიოთ
* * *
შოთა რუსთაველს,გურამიშვილს,ვაჟას თუ ტატოს,
აკაკისა თუ გალაკტიონს,ან დიდ ილიას,
მე მათი სიბრძნის ტალანებში სრულიად მარტოს
ფეხაკრეფით და მოწიწებით წლობით მივლია.
* * *
კარგია ყველა უცხო ენა,ეს უთქვამთ ადრეც:
რამდენი ენაც იცი,ხარო იმდენი კაცი,
მაგრამ ინგლისურს რომ ”პარუსკობთ” და იცვლით ”ადრესს”,
ქართულს რატომღა ეფშლიკებით ისე,ვით ვაცი?!
* * *
მე შეგახსენებთ გალაკტიონს ალალ-მართლურად,
პირდაპირ გეტყვით,არ დაგიწყებთ იგავ-არაკებს:
“ილაპარაკეთ,მე თქვენა გთხოვთ ოღონდ ქართულად,
ოღონდ ქართულად ილაპარაკეთ!”