ილია რეპინი – “ეპიზოდი”
პორტრეტული და ისტორიული ჟანრის დიდოსტატმა რუსმა მხატვარმა - ილია რეპინმა (1844-1930 წლები),თავის ყველაზე ცნობილ ტილოზე – “ივანე მრისხანე და მისი ვაჟი ივანე 1581 წლის 16 ნოემბერი”,მუშაობა 1883 წელს დაიწყო და 1885 წელს დაასრულა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ რეპინის სწორედ ეს ტილო იქცა რუსეთის იმპერიაში იმ პირველ სახვითი ხელოვნების ნიმუშად,რომელიც უმაღლესმა ხელისუფლებამ ცენზურას დაუქვემდებარა.მას შემდეგ,რაც იგი რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე III-მ და მისმა უახლოესმა გარემოცვამ იხილა,ისინი იმდენად უკმაყოფილო დარჩნენ სურათზე წარმოდგენილი სიუჟეტით,რომ 1885 წლის 1 აპრილს იმპერატორმა გამოსცა სპეციალური განკარგულება,რომლის თანახმადაც იკრძალებოდა აღნიშნული სურათის საჯაროდ გამოფენა და ჩვენება. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ასეთი უარყოფითი შეფასებისა,საყოველთაოდ ცნობილმა რუსმა მეწარმემ,კოლექციონერმა,ფილანთროპმა და “ტრეტიაკოვის გალერეის” სულისჩამდგმელმა – პავლე ტრეტიაკოვმა რეპინის “შედევრი” მაინც შეიძინა,თუმცა ერთი უჩვეულო წინაპირობით: “დაუშვებელია ტილოს საჯაროდ ჩვენება და მისი გავრცელება მოსახლეობაში ნებისმიერი სახით”.იმპერატორის მიერ გამოცემული განკარგულება რეპინის სურათის მიმართ,გამოცემიდან სამი თვის შემდეგ 1885 წლის 11 ივლისს იქნა გაუქმებული და ამაში უდიდესი წვლილი დაიდო რუსეთის საიმპერატორო კართან დაახლოებულმა რუსმა მხატვარმა-მარიენისტმა – ალექსანდრე ბოგოლიუბოვმა.
თავად ილია რეპინი აღიარებდა,რომ ასეთი ჟანრის მქონე სურათის დახატვა სამი მოვლენისაგან შთაგონებულმა გადაწყვიტა: პირველი – რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე II-ის მკვლელობა იყო; მეორე რუსი კომპოზიტორის – ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვის სიმფონიურ სიუიტაზე – “ანტარ”-ზე დასწრება.ხოლო მესამე და ფინალური სტიმული ტილოს შექმნისა,რეპინს ესპანეთში გამართულმა კორიდამ მისცა.იგი თავის დღიურში წერდა: “უბედურება,ცოცხალი სიკვდილი.მკვლელობა და სისხლი… და მე ალბათ შემიპყრო ამ სისხლიანმა წარმოდგენამ,რამაც გადამაწყვეტინა კიდეც სახლში მისვლისთანავე დამეწყო სისხლიანი სცენის დახატვა”.
ილია რეპინის გენიალური ქმნილება – “ივანე მრისხანე და მისი ვაჟი ივანე 1581 წლის 16 ნოემბერი” დაცულია მოსკოვში განთავსებულ “ტრეტიაკოვის გალერეაში”. (ავტორი გენია.ჯი)
ილია რეპინი – “ივანე მრისხანე და მისი ვაჟი ივანე 1581 წლის 16 ნოემბერი”