ნოსტრადამუსი – “ეპიზოდი”
სპეციალისტთა მტკიცების თანახმად,საყოველთაოდ ცნობილი ფრანგი პოეტის,ექიმის,ასტროლოგის,ალქიმიკოსისა და წინასწარმეტყველის – მიშელ დე ნოტრდამის (1503-1566 წლები),იგივე – ნოსტრადამუსის ერთადერთი ყველაზე რეალური და ავთენტურად დადასტურებული პორტრეტი დახატული იქნა,თავად ნოსტრადამუსის მხატვარი ვაჟის – სეზარ დე ნოტრდამის მიერ (ზემოთ გამოსახული პორტრეტი).დიდი ფრანგი წინასწარმეტყველის სხვა პორტრეტები,სწორედ სეზარის მიერ დახატული სურათის მიხედვით იქნა შექმნილი. (ავტორი გენია.ჯი)
1566 წლის 1 ივლისს ერთ-ერთმა უმდიდრესმა (თანამედროვე გაგებით – მულტიმილიონერმა) ფრანგმა მეცნიერმა – ნოსტრადამუსმა,აღსარებისა და ზიარებისათვის თავისთან მღვდელს უხმო.იმავე საღამოს,მისმა ერთ-ერთმა მოსწავლემ შავინიმ,როგორც წესი,მასწავლებელს მეორე დღემდე დაემშვიდობა,თუმცა მიშელმა თავის მოწაფეს დამშვიდობების ნაცვლად შემდეგი სიტყვებით მიმართა: “ჩემო სანდომიანო შავინი,გამთენიისას თქვენ მე ცოცხალს უკვე ვეღარ მიხილავთ”.საყურადღებოა ის გარემოება,რომ დიდი ფრანგი წინასწარმეტყველის უკანასკნელი წინასწარმეტყველება მართლაც აღსრულდა: იგი გულის შეტევის შედეგად 1566 წლის 2 ივლისის გამთენიისას 63 წლის ასაკში გარდაიცვალა.
P.S. 1781 წელს რომის კათოლიკური ეკლესიის საჭეთმპყრობელმა პიუს VI-მ,ნოსტრადამუსის ყველა წინასწარმეტყველება ოფიციალურად გადასცა ანათემას და მათი ხალხში გავრცელება კატეგორიულად აკრძალა. 1791 წელს საფრანგეთში განხორციელებული რევოლუციისას,მიშელ დე ნოტრდამის საფლავი იაკობინელებმა გაანადგურეს,რა დროსაც მისი ჩონჩხი საფლავიდან ამოიღეს და სახრჩობელაზე ჩამოკიდეს.მოგვიანებით,ნოსტრადამუსის ნაშთები გადასვენებულ იქნა წმინდა ლავრენტის ტაძარში,სადაც დღემდე განისვენებს.მისი საფლავის წამბიწველები კი,საფრანგეთის დიდი რევოლუციის ერთ-ერთი შემოქმედის – მაქსიმილიან რობერსპიერის ბრძანებით დააკავეს და სიკვდილით დასაჯეს. (ავტორი გენია.ჯი)