ლეონარდო და ვინჩი – “ეპიზოდი”
1515 წლის 19 დეკემბერს იტალიის ქალაქ ბოლონიაში რომის პაპის ლეო X-სა და საფრანგეთის მეფის ფრანსუა I-ს შორის გამართულ შეხვედრას აღორძინების ხანის ერთ-ერთი გენიალური ხელოვანი – ლეონარდო და ვინჩიც ესწრებოდა.იმ პერიოდში ლეონარდო ბელვედერის სასახლეში ცხოვრობდა და “იოანე ნათლისმცემლის” სურათზე მუშაობდა.ფრანსუა I-მა ლეონარდოს,ისეთი მექანიკური ლომის კონსტრუირება შეუკვეთა,რომელსაც სიარული ძალუძდა და რომლის მკერდიდანაც შროშანების თაიგულის გამოსვლა იქნებოდა შესაძლებელი. 1516 წელს ლეონარდო საფრანგეთში მიწვეულ იქნა ფრანსუა I-ის მიერ.და ვინჩი იმ კლო-ლიუსეს ციხე-სიმაგრეში დააბინავეს,სადაც ფრანსუამ მთელი თავისი ბავშვობა გაატარა.მას ოფიციალურად მიმანიჭეს საფრანგეთის სამეფოს პირველი მხატვრის,ინჟინრისა და არქიტექტორის წოდება და ყოველწლიურ ხელფასად 1 000 ეკიუ დაუნიშნეს.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ლეონარდოსათვის თავის სამშობლოში საფრანგეთისაგან განსხვავებით არასოდეს უწოდებიათ ინჟინერი. (ავტორი გენია.ჯი) და ვინჩიმდე საფრანგეთის სამეფო კარზე მოღვაწეობდნენ ისეთი დიდი იტალიელი ოსტატები,როგორებიც გახლდნენ ლომბარდიული სკოლის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი მხატვარი – ანდრეა სოლარიო და არქიტექტორი – ფრა ჯოვანი ჯოკონდო.ლეონარდოს პროექტით საფრანგეთში განხორციელდა მდინარე ლუარასა და მდინარე სონას შორის არხის გაყვანა და სხვა პროექტები.
ლეონარდო და ვინჩი გააოცა და აღაშფოთა იმ გარემოებამ,რომ საფრანგეთის მეფის რეზიდენციებსა და სასახლეებში არც ერთი ტუალეტი არ არსებობდა.ეს კი გენიალურ იტალიელ ხელოვანს დიდ დისკომფორტს უქმნიდა,რადგან სასახლეებში საშინელი მყრალი სუნი იდგა.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ და ვინჩიმ სპეციალურად ფრანსუა I-თვის დააპროექტა თანამედროვე ტიპის ტუალეტი,თავისი გაყვანილობებით,საკანალიზაციო მილებით,ვენტილაციითა და წყლის მიმწოდებელი სისტემებით.მას შემდეგ,რაც ლეონარდომ აღნიშნული პროექტი გააცნო ფრანსუას,მეფემ,რომელმაც ვერაფერი გაუგო და ვინჩის “რთულ მოწყობილობებს”,ოსტატს შეთავაზებული პროექტის განხორციელებაზე უარი განუცხადა.შესაბამისად,საფრანგეთის მეფის სასახლეები კვლავაც დიდი ხნის მანძილზე ტუალეტების გარეშე იქნა დარჩენილი.
საფრანგეთში მყოფ ლეონარდო და ვინჩის,გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე მარჯვენა ხელი წაერთვა.ფრანგ მეფეთა რეზიდენციაში – ამბუაზში დამკვიდრებულმა გენიალურმა იტალიელმა ხელოვანმა,თავისი 67 წლის ასაკი ავადმყოფობის გამო საწოლში გაატარა. 1519 წლის 23 აპრილს დაწერა ანდერძი,ხოლო იმავე წლის 2 მაისს თავისი მოსწავლეებისა და შედევრების გარემოცვაში,კლო-ლიუსეს სასახლეში აღესრულა.იგი დაკრძალულ იქნა ამბუაზის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე.მის საფლავზე კი გაკეთებულ იქნა შემდეგი სახის წარწერა: “ამ კედლებში განისვენებს გენიალური მხატვრის,ინჟინრისა და საფრანგეთის სამეფოს უდიადესი ხუროთმოძღვრის ლეონარდო და ვინჩის ნეშთი”.
როგორც დიდი იტალიელი მხატვარი – ჯორჯო ვაზარი გვამცნობდა,ლეონარდომ მისი ერთ-ერთი უერთგულესი მეგობრის ფრანსუა I-ის მკლავებში დალია სული (თუმცა ეს ვერსია დადასტურებული არ არის).აღნიშნული ტრაგიკული მომენტი კი არაერთმა მხატვარმა ასახა თავის შემოქმედებაში.მათ შორის – დომინიკ ენგრმა და ანჟელიკა კაუფმანმა. (ავტორი გენია.ჯი)
ფრანსუა I
ამბუაზის სასახლე
კლო-ლიუსეს ციხე-სიმაგრე