ბაჩუკი ჩაბრაძე – “იესო ჩემში”
ჟამთასვლის არსი მან იცის ერთმა,
ცაზე მეტია სული კეთილი,
მაშ,მომავალმა შესავედრელმა
მიბოძოს კვართი გადაფლეთილი.
გოლგოთის ჯვარცმა,თრეულმა მხრებით,
სული ჩატოვა ჩემში თენთილი,
ღვთის საუფლოში მაცხოვრის ნებით
შევალ სანთლებად ჩამოღვენთილი…
წყვდიადს სადგური ეპოვა მთებში,
როცა “ძე ჩემი…” – გაისმა ცაში,
ნათელი ჩადგა იორდანეში
და იოანე სულს მთხოვდა მაშინ.
სული გოლგოთას მე მივიტანე,
და არ ჩავყევი პილატეს მორევს,
იუდას კოცნა თუ ავიტანე,
მაშ,რაღას ვერჩი სხვის ნაამბორევს?!..
ამ ლურსმნებისთვის არ მემეტები,
თუმც მომანიჭე ნათელთა თვალი,
ხელზე სისხლია შენადედები
და შეუცნობი სიცოცხლის კვალი.
…და ვაზის ჯვარმა,შეკრულმა თმებით
სული ჩატოვა ჩემში თენთილი,
ღვთის საუფლოში მაცხოვრის ნებით
შევალ სანთლებად ჩამოღვენთილი…