Genia.Ge-ს ფილოსოფიიდან…
“საზოგადოება,რომელიც თვითგადარჩენის ინსტიქტით ცხოვრობს,საზოგადოება,რომელიც მხოლოდ ფიზიკურ არსებობაზე ზრუნავს, – მოქმედებს მგლის კანონით,იმარჯვებს ფიზიკურად ძლიერი,ფეხს იკიდებს შური,გაუტანლობა და უნდობლობა,ბოროტება.ასეთ საზოგადოებაში კი ბედნიერი საბოლოოდ არავინ არის.ერთ ბოროტებას მეორე მოსდევს და ამა თუ იმ პიროვნების ბედნიერება,დროებითი და ინფანტილურია.ასეთ საზოგადოებაში გამარჯვებულნი არ არსებობენ,უბედურება ზნედაცემულ საზოგადოებაში საყოველთაოა”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ადამიანი რომელიც მაღალი იდეისათვის მარტვილობს,ინარჩუნებს,იძენს და სრულყოფს ყოველგვარ სიწმინდეს,მაღალ ადამიანურ თვისებებს.ხოლო მოქალაქენი,რომელნიც,უბრალოდ,ფიზიკური ყოფნა-არყოფნის დილემის წინაშე დგანან,რომელთაც კუჭი უხმებათ შიმშილით და ემუქრებათ შიმშილით სიკვდილი,მთელი ცხოვრება მარტვილობენ,მთელი ცხოვრება ეწამებიან.ეს წამება ყველა სხვა ტანჯვაზე უფრო მტანჯველია და გულისმომკვლელი,რადგან ამ ტანჯვაში ისინი ვერაფერს იძენენ.დაკარგვით კი ჰკარგავენ ყველაფერს იმას,რაც ადამიანს ადამიანად ქმნის”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“გადარჩენის ინსტიქტით მცხოვრები კაცი მხეცი ხდება და იმარჯვებს ის,ვისაც შეუძლია მოხერხებულად,სხვათა შეუმჩნევლად მოირგოს მხეცის ნიღაბი.მოხერხებულად და შეუმჩნევლად,რადგან სხვებმა ეს არ უნდა შენიშნონ,წინააღმდეგ შემთხვევაში ის სხვები აღარ გაცუცურაკდებიან,აღარ მოტყვილდებიან”.
* * *
“უცნაური რამ სჭირს გაუბედურებულ ადამიანს.თუ უბედურება საყოველთაოა, – უფრო უძლებს პირად გაჭირვებას.ხოლო თუ “მარტოისად” მასზედ “არიან ჭირნი ესე”,სხვანი კი დალხენილად ცხოვრობენ,მაშინ ორმაგად ბედკრულად მიიჩნევს თავს.ერთიც არის,დატანჯულმა კაცმა,თუ კიდევ უფრო მეტად გაწამებული იხილა,როგორღაც თვითკმაყოფილების გრძნობა უჩნდება,აქაოდა ჩემზედ უბედურებიც ყოფილან ქვეყანაზე და მადლი უფალს,მათსავით რომ არ ვარ დაცემული და იმათებურად რომ არ მიჭირავს სული კბილითო.
საყურადღებოა ის გარემოება რომ,ასეთი ფიქრი ჩვეულებრივი მოვლენაა სიკეთის მადლისაგან დაცლილი ადამიანებისათვის”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“საუკუნეთა წიაღიდან მოგვდევს ბრძნული შეგონება: “შეიცან თავი შენი”.ეს მცნება ადამიანს ყველაზე დიდი დილემის წინაშე აყენებს.გაფაციცებული,გარეშე მოვლენებზე მიყურადებული ადამიანი ყველაფრის შეცნობასა და გაგებას ცდილობს,საკუთარ თავში ჩასაღრმავებლად კი დრო არ რჩება.უფრო სწორად,საკუთარი სულის გაშიშვლებას გაურბის.ნაცვლად იმისა,რომ შეიცნოს თავი თვისი და იყოს ის რაც არის,ან ეცადოს გახდეს უკეთესი.ადამიანს ურჩევნია იცხოვროს პიროვნული მე-ს მიმართ ილუზიური დამოკიდებულებით”.