ფრიდონ ხალვაში – “იავნანა”
იავნანავ,
ფრთებით გარწევს ჩვენებური ჟამთა დენა,
ზოგჯერ ღმერთიც შეიცვალა,
ვერ შეცვალეს შენი ენა.
* * *
გლოცავ,რა მზეც გამწიფებდა და გისხამდა რომელი ხეც,
იავნანავ,
ვარდონანავ,
მოდი სულზე მომეხვიე.
* * *
ბევრჯერ მიწა გამიგლიჯეს,
შენ კი ზღვარი ვერ დაგიდეს,
ვერ წაართვეს შენი თავი შავშეთელს
და მარადიდელს.
* * *
თუმცა ხშირად ბედი ჩემი ჭოროხივით იმღვრეოდა,
ჩადრიანი დედა მაინც იავნანას მიმღეროდა.
* * *
მაგონდება მისი თბილი ხმით ნამღერი ნანა ტკბილი,
ყველა წუთი თენდებოდა
ჩემთვის ამხდარ-ნანატრივით.
* * *
ზევით ზეცა იყო ღრმა და
სუფთა,როგორც დედის გული,
შიგ ჰყვაოდა ვარსკვლავები,
დედის ხელით მიმორგული.
* * *
ლაჟვარდების ლურჯი თქორი რომ ალბობდა
დედის ღიღინს -
იავნანას თითო ბგერა
სისხლის თითო წვეთად მიღირს.
* * *
იავნანავ,გწვეს და მაინც
იმავ დედას შველი ახლა,
ვინც ქართული სიტყვის ცეცხლი
შენს ნაცარში შეინახა.
* * *
ნანა,შვილო,მიყვარს,შვილო,შენი თვალი
გახელილი,
იავნანა მიყვარს ამ შენს გადარჩენილ სახელივით.
* * *
ნანა,შვილო,
ამ სიმღერამ წყლული ბევრი დაგვიამა,
შენც გფარავდეს ძველი დარდით დაძენძილი
აივნანა.
* * *
ჯერ ბევრია საზრუნავი,
გასაკაფი,მოსახნავი,
დღეის ფიქრით დამიმძიმდი, -
დამსუბუქდეს სევდა ხვალის.
* * *
ჯერ ბევრია საზრუნავი,
შენი კერა სადაც არის,
შენ ხომ თვითონ იავნანაც გაქვს მოსავლელ-დასაცავი.
* * *
ნანა,შვილო,მზე გეძახის,
ძილი ისეც საკმარია,
შვილო,მთელი საქართველო დღეს ხომ შენი აკვანია.
* * *
ნანა,შვილო,იძილფხიზლე,
დრო-ჟამს ყური მიაპყარი,
საქართველოს ხვალე შენ ხარ,
გახდი მისი წინაპარი.