ვინსენტ ვილემ ვან გოგი – “ყვითელი სახლი”
“ყვითელი სახლი” – წარმოადგენს გენიალური ნიდერლანდელი პოსტიმპრესიონისტი მხატვრისა და გრაფიკოსის - ვინსენტ ვილემ ვან გოგის (1853-1890 წლები) მიერ დახატულ ბრწყინვალე სურათს.მასზე მუშაობა ვან გოგმა 1888 წელს საფრანგეთის ქალაქ არლიში დაიწყო და იმავე წელს დაასრულა.სურათი დახატულ იქნა ტილოზე ზეთის საღებავების გამოყენებით.მისი სიმაღლე 72 სანტიმეტრი,ხოლო სიგანე კი 91,5 სანტიმეტრია. (ავტორი გენია.ჯი)
როგორც ცნობილია,ვინსენტის დიდი ხნის ოცნებას წარმოადგენდა მხატვართა ისეთი კავშირის ჩამოყალიბება,სადაც ყველა თანამოაზრე მხატვარს შესაძლებლობა მიეცემოდა ერთად თავისუფალ გარემოში ემუშავათ (რატომღაც ვან გოგის აღნიშნულმა სურვილმა ჩვენი უკვდავი მხატვარი ნიკალა მომაგონა,რომელსაც დაახლოებით ასეთივე იდეა გააჩნდა – ავტორი გენია.ჯი). 1888 წლის მაისის თვიდან საფრანგეთის ქალაქ არლიში განთავსებულ ლამარტინის მოედანზე მან ყვითელი სახლის ოთხი ოთახი დაიქირავა და სპეციალურად რემონტიც ჩაუტარა.აღნიშნული მოვლენის შესახებ იგი თავის ძმას თეოს წერდა: “მინდა,რომ ეს სახლი მხატვრებისათვის ნამდვილი სახლი იყოს.თუმცა არ მსურს მასში რაიმე ფასეულობა იყოს წარმოდგენილი,არავითარი ფასეულობა – ის კი არა და – პირიქით,რადგან დაწყებული სკამიდან დამთავრებული სურათებამდე განსაკუთრებულ და თავისებურ ხასიათს გადმოსცემდნენ”.
“ყვითელ სახლში” ნაქირავებ ოთახებში ვან გოგმა შესანიშნავი სამხატვრო სახელოსნო შექმნა და იქვე დახატა თავისი ერთ-ერთი ცნობილი ტილო – “ყვითელი სახლი”.აღნიშნული სახლის შესახებ მან თეოს შემდეგი სახის წერილი გაუგზავნა: “ყვითელი სახლი – განსაკუთრებული ძალის მატარებელია,მზისგან განათებული… გვერდზე დგას – ვარდისფერი სახლი მწვანე დარაბებით,რომელიც ხეების ჩრდილშია მოქცეული.იქვეა – რესტორანი,სადაც ყოველდღე ვვახშმობ.ჩემი მეგობარი ფოსტალიონი,ქუჩის დასასრულში,მარჯვნივ,ორი რკინიგზის ხიდს შორის ცხოვრობს”.
1940 წელს ყვითელი სახლი მეორე მსოფლიო ომს შეეწირა და დღეს ის უკვე აღარ არსებობს.ვინსენტ ვილე ვან გოგის მიერ დახატული სურათი – “ყვითელი სახლი” 1962 წლამდე მხატვრის ოჯახის პირად კოლექციაში ინახებოდა,თუმცა იმავე წლიდან იგი ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში მდებარე ვინსენტ ვილემ ვან გოგის სახელობის მუზეუმს გადაეცა,სადაც დღემდეა დაცული. (ავტორი გენია.ჯი)