Genia.Ge-ს ფილოსოფიიდან…
“დაპყრობილ ერს თუკი შერჩენილი აქვს ეროვნული ცნობიერება,ეროვნული თვითშეგნება,ერთიანობის შეგრძნება და მამულისადმი სიყვარულის,მსახურების გრძნობა,საბოლოოდ დაპყრობილად და დამორჩილებულად ვერ ჩაითვლება.ამა თუ იმ ერის სრული ანექსია ხდება მაშინ,როდესაც ეს ერი ჰკარგავს საკუთარი მამულის შეგრძნებას,როდესაც ნამდვილ სამშობლოდ მიიჩნევს არა საკუთარ ბედკრულ ქვეყანას,არამედ იმ იმპერიას,რომლის არტახებშიც მისი მიწა-წყალია მოქცეული.ერი,რომელმაც კოლექტიური მეხსიერება დაკარგა,რომელმაც საკუთარი თავი დაივიწყა,საკუთარ ფესვებს მოსწყდა,საკუთარ საკურთხეველს ზურგი აქცია და სხვის ტაძარში ლოცულობს,ილიას თქმისა არ იყოს,”უბინაო კაცსა ჰგავს,რომელმაც არ იცის ვინ არის,რისთვის არის,საიდან მოდის.ამიტომაც ესეთი ხალხი ბევრით არ გამოირჩევა პირუტყვთაგან და იქნება ბევრშიც უკან ჩამორჩება.ულმობელი კანონი ისტორიისა ამისთანა ხალხს ვერ დაინდობს… სხვა უფრო ძლიერის ისტორიის მექონი ერთი დაეძგერება თუ არა,თანაც გაიტანს და შეიწირავს ხოლმე ამისთანა ხალხსა”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“მას შემდეგ რაც კაენმა აბელი მოჰკლა,ადამიანი ცოდვის შვილად ითვლება,კაცთაკვლა კი შეცოდებათა შორის ერთ ყველაზე დიდ ცოდვად და დანაშაულად.ეს საღი გონების კაცმა იმდენად კარგად იცის,რომ უსამართლობის ჩამდენი,უსამართლობას ისევ სიმართლის სახელით ჩადის”.
* * *
“საკუთარი ხალხის წინააღმდეგ უცხო ძალის გამოძახებით,ხეირი არც გამომძახებელს ეყრება.მას ერთხელ და სამუდამოდ ხალხის დაშინება სურს,მგელი კი ცხვრის ფარაში როცა შევარდება,თანაც კანონიერად,მწყემსის ნებართვითა და მოწვევით,დაშინების ნაცვლად იგი მუსრს ავლებს ფარას.ხალხთან ერთად გაუბედურებულ მწყემსს ისღა რჩება,თავისი თავქარიანობა ცრემლმორეულმა გაამართლოს”.
* * *
“ადამიანს ადამიანურობის შენარჩუნება ყოველგვარ სიტუაციაში შეუძლია”.
* * *
“იქ სადაც პატიოსანი,მუხლჩაუხრელი შრომა შედეგს არ იძლევა,მოხერხებულებას,გაქნილობას,გაიძვერობას ეთმობა ასპარეზი,ვისაც ეს თვისებები საკმაოდ აღმოაჩნდება,ცხოვრების ლელოც იმას გააქვს”.
* * *
“შურისძიება სისასტიკის გამო,ისეთივე ადამიანური გრძნობაა,როგორც სიყვარული სიყვარულის წილ,ამიტომ უზნეო საზოგადოება კიდევ ერთი რამითაა საშიში.უზნეო და ძალმომრეობის პრინციპზე აგებული საზოგადოება წარმოშობს შურისმაძიებელთ,თავზე ხელაღებულთ,ერთი სისასტიკე განაპირობებს მეორეს და ერთი ბოროტება ათი ბოროტების დედად იქცევა.ასე რომ,საბოლოო შედეგი სისასტიკისა არის ორმხრივი უბედურება”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“უსწავლელობა და სიღატაკე ბადებს ხალხში შურს,მტრობას,გაუტანლობას,სიმხდალეს,გარყვნილებას და ათას სხვა ცუდ ზნე-ჩვეულებას”.
* * *
“ყოველი პიროვნების უნიკალურობა მათემატიკურად დამტკიცებულია: გენების კომბინაციათა რიცხვი,რომლებიც არსებითად განაპირობებენ პიროვნების თავისებურებათა კომპლექსს,ბევრად აჭარბებს რიცხვს იმ ადამიანებისას,რომლებსაც ოდესმე უცხოვრიათ დედამიწაზე”.