ალექსანდრე III მაკედონელი – “ეპიზოდი”
მაკედონიის ლეგენდად ქცეული მეფე და მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მხედართმთავარი – ალექსანდრე III მაკედონელი (ძვ.წ.აღ-ით 356-323 წლები),მეტად ცბიერი,ბრწყინვალე და მიზანსწრაფული სამხედრო ლიდერი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) მისი ტაქტიკა საკუთარ ძალებში დარწმუნებულ იმ სტრატეგს ავლენდა,რომელმაც ძალიან კარგად იცოდა,რაოდენობრივად ბევრად აღმატებული მტრის წინააღმდეგ რისი მიღწევა იყო შესაძლებელი.იგი იყო სარდალი,რომელიც მტკიცედ ანხორციელებდა სამხედრო მოქმედებების გენიალურ გეგმებს.დიდმა ძველბერძენმა ისტორიკოსმა,გეოგრაფმა და ესეისტმა – მესტრიუს პლუტარქემ (დაახლოებით 56-127 წლები) მოგვაწოდა ერთი პატარა ისტორია გავგამელის სისხლიმღვრელი ბრძოლის წინ (ძვ.წ.აღ-ით 331 წელი),რომელიც კლასიკურად აღწერს ალექსანდრეს ზემოაღნიშნულ საოცარ თვისებებს:
ძვ.წ.აღ-ით 331 წელს სპარსეთის აქემენიდთა დინასტიის უკანასკნელი მეფის – დარიოს III-ის წინააღმდეგ გასამართი უმნიშვნელოვანესი ბრძოლის წინა ღამით,ალექსანდრე დიდი თავის კარავში დასასვენებლად წამოწვა.მას იმდენად ღრმად ჩაეძინა,რომ,თავისი ჩვეულების საწინააღმდეგოდ,გამთენიისას არ გაღვიძებია.ამ ფაქტმა მისი სარდლების გაოცება გამოიწვია,თუმცა მათ თავად გასცეს პირველი განკარგულება ჯარისკაცებს – ესაუზმათ.გვიანდებოდა.მაკედონიის არმიის გენერალი და ალექსანდრეს მარჯვენა ხელი სამხედრო საქმეში – პარმენიონი კარავში შევიდა,ალექსანდრეს სარეცელთან შეჩერდა და ორჯერ-სამჯერ დაუძახა.გაღვიძებულს კი ჰკითხა,თუ რატომ ეძინა მას გამარჯვებულის ძილით მაშინ,როდესაც წინ უდიდესი მნიშვნელობის ბრძოლა ელოდა.პარმენიონის შეკითხვაზე მაკედონელს გულიანად გაეცინა და მეგობარს შემდეგი პასუხი გასცა:
” – რა,განა არ ფიქრობ,რომ ბრძოლა უკვე მოგებულია?! თუნდაც იმიტომ,რომ აღარ გვიწევს ომს გარიდებული დარიოსის საძებნელად ამ უკიდეგანო უდაბნო ქვეყანაში ხეტიალი?”
… და მაკედონელი ამჯერადაც მართალი აღმოჩნდა.მან დარიოსის უზარმაზარ ლაშქარზე ტრიუმფალური გამარჯვება იზეიმა და საბოლოოდ დაამარცხა დარიოსი,რასაც აქემენიდთა ერთ დროს უძლეველი სახეხელმწიფოს დაცემა მოჰყვა. (ავტორი გენია.ჯი)