შალვა საბაშვილი – “სიზმარი”
იყო დუმილი მინდვრებისა… უთვალავ რიგად
გარს გულდაწყვეტილ სახეების ჰქროდნენ გროვები,
უსწორდებოდა სინამდვილე ჩემს სულს სასტიკად,
დევნილ გრძნობათა ცივი შუქით ნაოქროვები.
* * *
რა უჩვეულოდ,ო,რა ძლიერ მტკიოდა გული!
თვალი დამხობილ ოცნებათა ნაფლეთებს ჰკრებდა;
ვიმეორებდი რაღაც კითხვას ფიქრით მოცული,
მაგრამ პასუხი უსასრულოდ იგვიანებდა.
* * *
ვიღაც მეძახდა მე თავისკენ,მაგრამ არ ჩანდა,
დილის სითეთრეს ჰყავდა იგი მკერდში ჩაკრული,
მივიჩქაროდი,მომყვებოდა სევდა შროშანთა
და განუწყვეტლივ,უჩვეულოდ მტკიოდა გული.