იოზეფ კრამერის (ბელზენერი მხეცის) შესახებ…
იოზეფ კრამერი (1906-1945 წლები) – წარმოადგენდა განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეულ გერმანელ კომენდადტს ჩრდილოეთ-საქსონიის ტერიტორიაზე მდებარე ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკისა – “ბერგენ-ბელზენი”,სადაც მიუხედავად იმისა,რომ არ ფუნქციონირებდა გაზის კამერები,ოფიციალური მონაცემების თანახმად სიცოცხლეს გამასალმეს 70 000 ადამიანი.აღნიშნული ბანაკი დაარსებულ იქნა 1940 წლის მაისში და თავდაპირველად იგი გამოიყენებოდა ბელგიელი და ფრანგი სამხედრო ტყვეებისათვის. 1941 წლიდან კი იქ 20 000 საბჭოთა ტყვე იქნა გადაყვანილი,რომელთაგან საბოლოო ჯამში 18 000 შიმშილისგან,სიცივისგან და წამებისგან გარდაიცვალა. 1943 წლის აპრილში ბანაკი დაიხურა და იგი გადაკეთებულ იქნა “საკონცენტრაციო ბანაკად”,სადაც დროებით ათავსებდნენ იმ პატიმრებს,რომლებსაც უცხოეთის მოქალაქის დამადასტურებელი პასპორტები გააჩნდათ.მათ,ფაშისტები ტყვედ ჩავარდნილ თავიანთ თანამებრძოლებზე ცვლიდნენ.სწორედ ამ ბანაკის კომენდანტი გახლდათ იოზეფ კრამერი,რომელსაც თავისი მხეცური თვისებების გამო,ტუსაღებმა – “ბელზენერი მხეცი” შეარქვეს.
თავისი თერთმეტწლიანი საშინელი კარიერის განმავლობაში,კრამერმა რამდენიმე საკონცენტრაციო ბანაკში “იმუშავა”. 1934 წელს იგი “დაჰაუს” საკონცენტრაციო ბანაკში მუშაობდა.იქ გამოჩენილი სისასტიკის გამო,ფაშისტების ხელისუფლებამ დააწინაურა და “ზაქსენჰაუეზინსა” და “მაუთჰაუზენის” ბანაკებში მაღალ თანამდებობეზე დანიშნა. 1940 წელს გადაყვანილ იქნა “სიკვდილის ფაბრიკად” წოდებული – “ოსვენციმის” საკონცენტრაციო ბანაკის ხელმძღვანელის – რუდოლფ ჰიოსის მოადგილედ. (ავტორი გენია.ჯი) 1944 წელს,სწორედ იგი ხელმძღვანელობდა ოსვენციმში გაზის კამერებში მომუშავეებს,რა დროსაც უამრავი ადამიანი,მათ შორის ბავშვები,ქალები და მოხუცები გაანადგურა.იმავე წლის 2 აპრილს იოზეფ კრამერი გადაიყვანეს “ბერგენ-ბელზენის” საკონცენტრაციო ბანაკის კომენდანტად.მასთან ერთად ბანაკში გადავიდა გერმანულ საკონცენტრაციო ბანაკებში მომუშავე მრავალი ქალი-ზედამხედველი.მათ შორის,”ქერათმიან ეშმაკად” წოდებული – ირმა გრეზე.
ბრიტანული არმიის მიერ ბანაკზე თავდასხმისა და მისი განთავისუფლების დროს,კრამერი საკუთარ კაბინეტში იმყოფებოდა და გაქცევა არ უცდია.ეს ფაქტი მით უფრო გასაკვირია მაშინ,როდესაც უამრავი გარდაცვლილი პატიმრის ცხედარი ჯერ კიდევ არ იყო მიწას მიბარებული და უამრავივე თვითმხილველი ადებდა მას ხელს განსაკუთრებულ სისასტიკეში.იგი ბანაკის 44 თანამშრომელთან ერთად იქნა დაკავებული.ერთ-ერთი დაკითხვისას,ცივსისხლიან ჯალათს გამომძიებელმა ჰკითხა,თუ რას განიცდიდა იგი მაშინ,როდესაც მონაწილეობას იღებდა ათასობით ადამიანის მკვლელობაში,მათ შორის ბავშვების.რაზეც კრამერმა ყოველგვარი სინანულის გარეშე განაცხადა,რომ ამ ამაზრზენი მოვლენების დროს სრულიად არაფერს არ განიცდიდა და მხოლოდ იმაზე იყო ორიენტირებული,რომ ბრძანება სრულყოფილად აღესრულებინა.იოზეფ კრამერი ინგლისურმა სასამართლომ 80 ადამიანის მკვლელობასა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში სცნო დამნაშავედ და 1945 წლის 17 ნოემბერს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. 1945 წლის 13 დეკემბერს გერმანიის ქალაქ ჰამელნში მდებარე ციხეში,უამრავი უდანაშაულო ბავშვის,ქალისა და მოხუცის მკვლელობისათვის მსჯავრდებული “ბელზენერი მხეცი” – იოზეფ კრამერი – ჩამოახრჩვეს. (ავტორი გენია.ჯი)