შალვა საბაშვილი – “დაღლა”
დაიღალა დედამიწა,გზაში დიდხანს მარები,
დაიღალნენ ბილიკები,დაიღალნენ შარები,
დაიღალა მაცქერალი აურაცხელ არენის,
დაიღალნენ სივრცეები,დაიღალნენ მხარენი.
დაიღალა: ზღვა,მდინარე,მთები,ტბები,ველები,
დაიღალნენ,ვეღარაფრით მე ვერ მივეშველები.
დაიღალნენ ვულკანები – ყრუ განგაში შეწყვიტეს,
დაიღალა დღე,აღარ სურს,რომ ღამესთან შეწყვილდეს.
დაიღალნენ სეზონები,ისიც,ვინც მათ მისცა სვლა,
დაიღალა მზის ამოსვლა,დაიღალა მზის ჩასვლა,
დაიღალნენ ვარსკვლავები,ცაში ნაციმციმები,
დაიღალნენ გრიგალები,დაიღალნენ წვიმები,
დაიღალა სიხარული,გულებისკენ მავალი,
დაიღალა ზვარი,ბაღი,რქებ-და ტოტებმრავალი
დაიღალა ხმელეთი და წყალიც,მას რომ გარს უვლის,
დაიღალა მომავალი,დაიღალა წარსული,
დაიღალა ცალკეული,დაიღალა მთლიანი,
დაიღალნენ ქვეყნები და მათი ისტორიანი,
დაიღალნენ საუბრები,დაიღალნენ მზერანი,
დაიღალა ვარსკვლავებთან მიმქროლავი მერანი.
დაიღალა ბალახი და ფარა,მისი მძოველი,
დაიღალა არაფერი,დაიღალა ყოველი.
დაიღალნენ ატომები,დაიღალნენ ცნებანი,
დაიღალა: ფერი,გრძნობა,თარი,სტვირი,ებანი,
დაიღალა დრო,რაც უზღვავ მარათონთა მოწმეა,
დაიღალა დაღლილობაც,დაიღალა მოწყენაც.
თუმც არც ბრძოლა მოუგიათ,არც დაიდო ზავები,
დაიღალნენ,აღარ შესწევთ ძალა მამოძრავები.