ეგნატე ნინოშვილი – “ეპიზოდი”
1894 წლის 12 მაისს, სულ რაღაც ოცდათხუთმეტიოდე წლის ასაკში ჭლექის შედეგად უკიდურეს სიდუხჭირეში აღესრულა დიდი ქართველი მწერალი – ეგნატე ნინოშვილი (1859-1894 წლები). ქართველი მწერლის პანაშვიდზე სხვა უამრავ ხალხთან ერთად, რაღა თქმა უნდა, მისი მეგობრებიც მივიდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა, სანამ გარდაცვლილის ხსოვნას მიაგებდა პატივს, ჭირისუფალს ჰკითხა: ეგნატეს სეფეთი (სკივრი,რომელშიც ეგნატეს უამრავი ნაშრომი იდო) სად არისო.
„ – ეგერ დავწვით ხის ძირშიო”. – იყო პასუხი.
მოულოდნელად მან გეზი იცვალა: იმის ნაცვლად, რომ პანაშვიდზე შესულიყო, იმ ხის ძირისაკენ წავიდა, სადაც სკივრი დაწვეს ჭირისუფლებმა. დიდი მწერლის ნაშრომებით სავსე სკივრიდან მისდა (და, ზოგადად – ჩვენდა) სამწუხაროდ, – ნაცარიღა დარჩენილიყო. როგორც კი ეგნატეს მეგობარმა ეს შემზარავი ფაქტი საკუთარი თვალით იხილა, მაღალი ხმით მოთქმა დაიწყო: „შენ ჭლექს არ მოუკლიხარ, ძმაო ეგნატე. უვიცმა შენიანებმა მოგკლეს, შენი სეფეთი რომ დაწვეს, ამით მოსპეს, რაც შენს სახელს კიდევ უფრო გაზრდიდაო!..”
შერცხვენილმა ჭირისუფალმა, რომლისთვისაც ჯერ კიდევ გაუთვითცნობიერებელი იყო, თუ რაში მიუძღოდა „ბრალი”, ხალხთან თავი ასე იმართლა:
„ – ნუ უყურებთ მაგას, იგი აბდალია, მკვდარი კი არ იტირა, რაღაც ქაღალდებს მისტირისო…” – (ავტორი გენია.ჯი)