“ლექტორი ფაბრიკის მუშებისათვის”
კაცობრიობის ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში უამრავი საინტერესო პროფესია არსებობდა.მათგან,ზოგიერთი პროფესია დღეისათვის ღიმილის მომგვრელიც კია,თუმცა ფაქტია,რომ ისინი ოდესღაც არსებობდნენ და საკმაოდ დიდი პოპულარობითაც სარგებლობდნენ.აღნიშნულ პოსტში თქვენს ყურადღებას ერთ ისეთ პროფესიაზე შევაჩერებ,რომელიც – “ლექტორი ფაბრიკის მუშებისათვის” სახელით არის ცნობილი.
XX საუკუნის დასაწყისში,ევროპის რიგი ქვეყნების ისეთი ფაბრიკების ხელმძღვანელებმა,რომელთა დაწესებულებებშიც დიდი რაოდენობის ხალხი ძირითადად ხელსაქმით (ქარგვით,კერვით,ქსოვით და ასე შემდეგ) იყო დაკავებული,ერთობ ინოვაციური და საინტერესო სამსახური შემოიღეს.კერძოდ,ისინი თავიანთ საწარმოში იწვევდნენ სპეციალურ ლექტორებს,რომელთა უმთავრეს დანიშნულებასაც,ფაბრიკაში დასაქმებული მუშების სამუშაო საათებში გართობა წარმოადგენდა.მათთვის გამოყოფილი იყო მაღალი ტრიბუნები,საიდანაც,მოწვეული ლექტორები კითხულობდნენ სხვადასხვა სახის ინფორმაციებს.მათ შორის – სამეცნიერო-პოპულარული თემების,მხატვრული ნაწარმოებების,პროფკავშირების პერიოდული გამოცემებიდან ისეთი ცნობების,რომლებიც მუშებს განსაკუთრებით აინტერესებდათ და ასე შემდეგ.გარდა იმისა,რომ ლექტორი კარგი განათლების მქონე და მჭერმეტყველი უნდა ყოფილიყო,მას ასევე აუცილებლად უნდა ჰქონოდა მაღალი ხმა,რათა მისი ლექცია საქმეში ჩართულ მშრომელებს კარგად გაეგონათ.ასევე,ლექტორებს,ლექციის ხანგრძლივი წაკითხვის შესაძლებლობის უნარიც უნდა ჰქონოდათ.
ფაბრიკის ხელმძღვანელები ირწმუნებოდნენ,რომ ასეთი უცნაური მეთოდი მუშების შრომის ხარისხს ერთიორად უმჯობესებდა და მათ მოდუნების საშუალებას არ აძლევდა.ტექნოლოგიების დახვეწასთან ერთად,ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროფესია – “ლექტორი ფაბრიკის მუშებისათვის”,წარსულის საკუთრთებად იქცა. (ავტორი გენია.ჯი)