უილიამ შექსპირი – “სონეტი XCI”
ზოგი ამაყობს დიდი გვარით,ზოგი ქონებით,
ზოგი ძალას ფლობს,ზოგი აქებს თავის ხელობას,
ზოგი სამოსელს იხდენს ტანზე თავმომწონებით,
ზოგის სახელს კი ცხენი უქმნის სასახელობას.
* * *
ყველას აქვს რაღაც საკუთარი ზნე თუ საგანი,
რაც მის სიცოცხლეს განდიდების დაღად აჩნია,
ჩემს საზომად კი არ გამოდგა ამათთაგანი
და ბედმა ჩემთვის საამებლად სხვა რამ არჩია.
* * *
შენ რომ მიყვარხარ,მე ამით ვარ სხვებზე მდიდარი,
ეს მირჩევნია გვარს და ცხენს და ოქროს ვარაყებს,
ვერ შეედრება მას ქონება ვერავითარი,
და ქვეყნად მხოლოდ შენთან ყოფნა გამაამაყებს.
* * *
მაგრამ ეს ერთი დარდი მიკლავს გულს და გონებას, -
თუ მიმატოვებ,მე დავკარგავ მთელ ჩემს ქონებას.