პიტერ ბრეიგელი (უფროსი) – “მკა”
“მკა” – წარმოადგენს გენიალური ნიდერლანდელი მხატვრის,გრავიორისა და პეიზაჟური და ჟანრული სცენების დიდოსტატის – პიტერ ბრეიგელი “უფროსის” (დაახლოებით 1525-1569 წლები) მიერ 1565 წელს დახატულ შედევრ-ტილოს,სურათების ციკლიდან – “წელიწადის დროები”.მხატვარმა აღნიშნული სურათი ტილოზე ზეთის საღებავების საშუალებით დახატა.შედევრის სიმაღლე 119 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 162 სანტიმეტრი.
ტილოზე ასახულია ზაფხულის ცხელი დღის სიუჟეტი.ქედზე წარმოდგენილი ხორბლის ყანებიდან იდილიური ხედი იშლება სოფლის და მასში ჩადგმული სახლებისა. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა,ჰორიზონტზე ბუნდოვნად მოჩანს ზღვის სანაპირო.გაცილებით საინტერესო გამოსახულებები ბრეიგელს დატანილი აქვს სურათის წინა პლანზე გლეხი-მკელების სახით.თუკი ზოგიერთი მათგანი კვლავაც მუშაობას განაგრძობს,ზოგიერთს ხის ძირში სუფრა აქვს გაშლილი,ვახშმობს და ისვენებს.ერთ-ერთი გლეხი კი,რომელსაც გაშვერილი აქვს ხელები და ფეხები,ღრმა ძილს არის მიცემული.მძინარე გლეხის აღნიშნული მდგომარეობა ერთგვარად მოგვაგონებს ბრეიგელის მეორე შედევრ-ტილოზე (“ზარმაცების ქვეყანა”) წარმოდგენილ ერთ-ერთ გმირს.საინტერესოა ის გარემოება,რომ პიტერის აღნიშნული სურათი,იმ უიშვიათესი სურათების კატეგორიას განეკუთვნება,რომელზედაც სიმშვიდე სუფევს,რადგან ბრეიგელის ტილოების უმეტესობაზე ასახულია ღრმა ტრაგიზმით სავსე სცენები,რომლებიც თავის მხრივ ფილოსოფიურ-პესიმისტური ელფერით არიან გაჯერებული.
სპეციალისტები ვარაუდობენ,რომ ექვსი სურათისგან შედგენილი (სამწუხაროდ,ჩვენამდე მხოლოდ ხუთმა მოაღწია) – “წელიწადის დროები”,ბრეიგელის მიერ დახატული იქნა ანტვერპენელი ვაჭრის – ნიკოლას იოგელინკის შეკვეთით და მათი დახატვის თარიღად 1565-1566 წლებს მიიჩნევენ.მას შემდეგ,რაც პიტერმა სურათების ციკლზე მუშაობა დაასრულა,ისინი გადატანილი იქნა ნიკოლასის ქალაქგარეთ მდებარე სახლში. 1594 წელს სურათები 1 400 ნიდერლანდულ გულდენად შეისყიდა ანტვერპენის საქალაქო საბჭომ,რომელმაც თავის მხრივ,ისინი ბელგიის ქალაქ ბრიუსელში ვიზიტით მყოფ ავსტრიის ერცჰერცოგს – ერნსტ ავსტრიელს გადასცა საჩუქრად.ერნსტის გარდაცვალების შემდგომ,ბრეიგელის შედევრები,საღვთო რომის იმპერატორის – რუდოლფ II ჰაბსბურგის მფლობელობაში გადავიდა.მას შემდეგ,პიტერის გენიალურმა ქმნილებებმა არაერთი ცნობილი ადამიანის კოლექციებში დაიდეს ბინა.მათ შორის,რომის საღვთო იმპერიის იმპერატორის ლეოპოლდ I-ის,ნაპოლეონ ბონაპარტის არმიის გენერლის – ანტუან ფრანსუა ანდრეოსის,ცნობილი ფრანგი მეცენატისა და კოლექციონერის – ჟაკ დუსეს და სხვების.საბოლოოდ კი,ჟან სელსმა, 1919 წელს ბრეიგელის სურათი “მკა”,აშშ-ი მდებარე “მეტროპილიტენ მუზეუმს” მიჰყიდა.საინტერესოა ის,რომ,თავდაპირველად “მეტროპილიტენის ხელოვნების მუზეუმის” ექსპერტებმა სურათი არა ბრეიგელის მიერ დახატულ ტილოდ,არამედ მისი ერთ-ერთი მოსწავლის ნამუშევრად მიიჩნიეს.თუმცა,მკვლევარების დიდი მონდომების შედეგად დადგინდა,რომ “მკა” მართლაც პიტერ ბრეიგელი “უცროსის” ფუნჯს ეკუთვნოდა.დღესდღეობით,გენიალური ნიდერლანდელი მხატვრის შედევრი-სურათი – “მკა”,კვლავაც ნიუ-იორკში განთავსებულ “მეტროპილიტენის ხელოვნების მუზეუმშია” დაცული. (ავტორი გენია.ჯი)