ციცინო ბოჭორიშვილი – “სონეტი LVII”

წლებით დაგროვილ მიუსაფარ სევდას ვატარებ,

ცხოვრება ჩემი წაგებული ბრძოლის ველია,

ნათელ ფიქრებს და ჩემს ოცნებებს იღბალს ვადარებ,

რაც უმეტესად ამქვეყნიურ რჩეულთ ხვედრია.

* * *

ბედის ბორბალი ანებივრებს,ალაღებს ყველას,

დაუნდობელ და გაუტანელ დროთა ხმაურში,

ნუ ველოდებით გამორჩეულ ზეღვთიურ ძალას,

გულისთქმა ჩვენი გამოვხატოთ დიდ სიყვარულში.

* * *

არა აქვს ფასი ვერაგული ძლევის დიდებას,

დამარცხებული გამარჯვებულს თუ უტოლდება,

თუ უსამართლო წარმატება ბრალად გედება,

სიტყვები ჩემი სანუგეშოდ არ გამოდგება!

* * *

ვერ მოვიპოვებთ ფასდაუდებ მაღალ ღირსებას,

თუ პირადულის ვერ შევძელით ჩვენ დავიწყება!..

კომენტარის დატოვება