თემურ გაბუნია – “მალე ჩვენც წავალთ”

აქ ყველაფერი გედის ბოლო ცეკვას მაგონებს,

გახმობას ნატრობს უნაყოფო ლეღვის ფესვები.

აი,საცაა შეაბამენ ეტლში დრაკონებს

და ჩვენც ცოდვილთა საუფლოში გადავეშვებით.

* * *

აპოკალიფსის საყვირებიც დაიგუგუნებს,

დაიგუგუნებს განწირულად და დანანებით

და ვარსკვლავებად დაებნევა მკერდზე უკუნეთს

ცრემლი დაღლილი მონაზვნების და წმინდანების.

* * *

მალე ჩვენც წავალთ,შევერევით ფერმკრთალ დაისებს,

თან უსასრულო გზის სევდასაც წავიყოლიებთ.

მთვარე კი სულთა თეთრ ამალას ისე დაისევს,

როგორც ტალღებზე მოცეკვავე გემი თოლიებს.

კომენტარის დატოვება