იოსებ იმედაშვილი წერდა…
“ჩვენი ხალხის ცხოვრებაში უცხო ნააზრევით გატაცების გამო სიტყვა და საქმე ერთმანეთს ვერ ეგუება,გაორჭოფებული მიზნებით ჩვენი ჩახლეჩილი ბედის გამოსწორებას სხვისი დახმარებით ელიან.ქართველობა ვიღაცისა და რაღაცის მოკრძალების გამო სხვათა საქმეს მისდევს და ვაი თუ ჩვენმა ხალხმა თავისი მონობის ახალი ბორკილები გამოსჭედოს… საკუთარ წყლულთა უცნობნი,სხვათა მკვდრების აღდგენაზე ვფიქრობთ.შინაგან ძალას მოკლებულნი,საკუთარ ურწმუნობაში დაღუპვა გველის.საკუთარ თავს უნდა დავუბრუნდეთ.სხვების იმედი ნუ გვაქვს,ჩვენი სატკივარი ჩვენვე უნდა ვიმკურნალოთ.ჩვენი ეროვნული ცხოვრების კანონები ჩვენ თვითონ უნდა შევიმუშაოთ… უცხოთა მალამოთი მშობელი ერის წყლულები ვერ განიკურნება”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ფარისევლობა,ბედოვლათობა,უსირცხვილობა, – აი რითი ხასიათდება ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილის ყოფა-ცხოვრება.სიტყვით მშობლიური კულტურის აყვავებაზე გაჰკივიან,საქმით კი სწორედ თვითონ ელვის სისწრაფით ავრცელებენ საკუთარის გასანადგურებლად უცხო კულტურას, – ენას,მწერლობას,ზნეს,ჩვეულებას,- სცენაზე,ოჯახში,საზოგადოებაში, – სად არ გინდათ… სიტყვით გაჰკივიან მამა-პაპათა სისხლით გაპოხიერებული მიწა-წყალი ხელიდან გვეცლება,უცხონი გაბატონდებიან,ჩვენს დედაქალაქში ჩვენ აღარ გვაბოგინებენ,საქალაქო საქმეებიდან გვდევნიანო, და ამავე დროს ვალში შესატანად ჩამოტანილ ფულებს ნარდ-ლოტო-კარტში აგებენ რამდენიმე წუთის განმავლობაში,ან გაუთავებელ სადილ-ვახშმებში ფლანგავენ,როდესაც ბანკში დაგირავებულ მამულს საჯარო ვაჭრობიდან უცხო,ჩამოსახლებული ყიდულობს,ქალაქში ბინავდება და მდგომარეობის ბატონი ხდება,ჩვენი ვითომდა ჭირისუფალნი… საზოგადო დაწესებულებათა მესვეურნი,ნიანგის ცრემლებს აფრქვევენ.მშობლიურ კერას მოწყვეტილი,სამშობლო კულტურის არმცნობნი და არარად ჩამგდებნი,სულიერად გაღატაკებულნი,ნივთიერად უკვე გაკოტრებულნი,ზნეობრივადაც გაკოტრების გზას დაადგნენ და უფსკრულისაკენ მიექანებიან…”
* * *
“იმისათვის,რომ ნაციონალური თვითგანადგურების რეალური საფრთხისაგან თავი გადავირჩინოთ,ქართულ ოჯახებში ერთ-ორ შვილიანი სისტემის ნაცვლად უნდა დაინერგოს ხუთ-ექვს შვილიანი სისტემა.გასინჯეთ დაჯილდოებულ დედათა სია… ქართველს აქა-იქ ძლივას შეამჩნევთ.არც ერთ შემოსეულ მტერს – მურვან ყრუს,ჯალალ ედდინს,ბათუ ყაენს,თემურ-ლენგს,შაჰაბასს,ნადირშაჰს,აღამაჰმად ხანს თუ სხვა დამპყრობელთ,იმდენი ზიანი არ მიუყენებიათ ქართველი ერისათვის,რაოდენსაც ახლანდელი ზოგიერთი შეუგნებელი ქართველი დედანი სჩადიან: ან სულ არ გაიჩენენ,ან ერთს თუ ორს,დანარჩენთ კი ჯერ უშობელთ – მზის სხივთა უხილველს სპობენ,ქვეყანას საძირკველს ურღვევენ და თითონაც იღუპებიან,ან სამუდამოდ სნეულდებიან მაშინ,როდესაც სხვა გვარტომნი ათთხუთმეტობით იჩენენ შვილებს,ჯილდოს ჯილდოზე იღებენ… ასეთი თვითმოსპობის საქციელი სადამდის მიგვიყვანს,რას უპირებს ჩვენს ერს?.. იქნება ჩვენის გაუმრავლებლობით,ჩვენის ქალებისა და დედების დაუდევრობით,განუჭვრეტელობით,უგუნურობით ჩვენი ლამაზი ქვეყანა უპატრონობით ხიფათში ჩავარდეს,სხვებს დარჩეთ საჯიჯგნავად…” (ავტორი გენია.ჯი)