“უძლეველი საბოლოოდ არის მხოლოდ სამართალი”
ჩემს სამშობლოსა ღალატი
შავ ნისლივით ჩამოაწვა:
ძმამ ძმას საფრთხე გაუთხარა,
შვილმა მამა ჯვარზედ აცვა!..
* * *
ისარგებლა მით სტუმარმა,
ჩვენგანავე მოწვეულმა,
და სტუმრობა არ იკმარა:
მასპინძლობა უთხრა გულმა.
* * *
მაგრამ იმის მასპინძლობას
ჩვენ ქვეყნისთვის არ აქვს მადლი:
უცხო სენი თვალთმაქცური
გულ-ღვიძლს უხრავს,ვითა მატლი!
* * *
და მის შემდეგ ჩემს სამშობლოს
თვისი ფერი შეეცვალა,
და ნაყოფის მოცემაში
დაეკარგა ძველი ძალა!
* * *
ვარდი ეკლად შეიცვალა,
საპატიო გახდა ანწლი,
და პურის წილ ითესება
მგორვალა და მავნე ღვარძლი!..
* * *
მაგრამ ძმებო,ნუ შევკრთებით!
სასხლავს მივჰყოთ ყველამ ხელი;
ეკალს ძირი ამოვუგდოთ,
სისხლით ვღებოთ მთა და ველი!..
* * *
ეკლნარშია მწარ სიცოცხლეს
ვარდნარშია სჯობს სიკვდილი!..
ამ აზრით უნდ იმსჭვალოდეს
მამულისა კარგი შვილი!..
* * *
უსამართლო ძლიერებას
საუკუნო არ აქვს ძალი!..
უძლეველი საბოლოოდ
არის მხოლოდ სამართალი.
* * *
და მაშ,ძმებო,დრო ძვირად ღირს…
ნუ დავჰკარგავთ,დავეშუროთ
და ჩვენისა თავგანწირვით
შვილებს ქუდი დავახუროთ.
* * *
რომ ჩვენისა თავშეწირვით,
აღარ ექმნესთ მონებით წვა,
და აღარც სთქვან,რომ ღალატი
მათაც უღლად ზედ დაიწვა!