მირზა გელოვანი წერდა…
„ესეც ბედია. ზოგი წიგნიდან სწავლობს ცხოვრებას და მაინც შორიდან წუხს განცდილზე. მე კი ყველაფერი ჩემი ძარღვებით გადამაქვს მუდამ და მაინც იმედიანი ვარ. ისინი სკოლებს ამთავრებენ, მე ცხოვრება მასწავლის თავად. პროპორცია სხვადასხვაგვარია. მაგრამ მაინც – თანასწორი. იქნებ ჩემმა გადასძალოს… ახლა ვნანობ ყველა დაკარგულ საათზე, ყველა დაუწერელ სტრიქონზე, რომელთაც ჩემი მოუცლელობით ვერ ვიჭერდი. არხეინად გატარებულ დღეებს სცოდნია დიდი დარდი შემდეგში… ნეტავ, არც მე მომეცადა არაფრისთვის და ყოველი თავისუფალი წუთი გამომეყენებინა. ყოველ საათთან მევაჭრა, რათა წამერთვა მისთვის რაც შეიძლება მეტი მოგება. ახლაც იქნებ არ იყოს გვიან და მე ყველაფერს გავაკეთებ, ოღონდ შევძლო… ზოგჯერ ვფიქრობ და ვერ გამიგია, რად იყო ჩემი ცხოვრება თითქმის უბავშვო. მე ისე ცოტა ხანს ვიყავი პატარა და მაშინაც უცნაური – თავისებური… დასწყევლოს ღმერთმა, ისე იფიქრებს ვინმე ამ წერილის წაკითხვაზე, თითქოს ბავშვი ვიყო. ოცდახუთი კი დამეწყო. ამბობენ, რომ ეს ყველაზე კარგი წლებია ცხოვრებაში. მე მათ ვერა ვხედავ…” (ავტორი გენია.ჯი)