“ხუთეული ტიოსიუდან”
1863 წელს იაპონიის ერთ-ერთი ფეოდალური სამთავროდან – ტიოსიუდან,ლონდონში ფარულად გაემგზავრა ხუთი ახალგაზრდა იაპონელი ყმაწვილი.მათი ფარულად გამგზავრების მიზეზი გახლდათ ის,რომ ედოს პერიოდში,სიოგუნის ბრძანებით კატეგორიულად ეკრძალებოდათ იაპონელებს საკუთარი ქვეყნის ტერიტორიის დატოვება.“ნისლიან ალბიონამდე” ჩასვლას იაპონელმა ახალგაზრდებმა გემის საშუალებით ექვსი თვე მოანდომეს.დიდ ბრიტანეთში ჩასულებმა კი სწავლა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში დაიწყეს და ბრწყინვალე განათლებასაც დაეუფლნენ.აღნიშნულ ისტორიაში ნიშანდობლივი არაფერი იქნებოდა,რომ არა ერთი მეტად მნიშვნელოვანი გარემოება. (ავტორი გენია.ჯი) კერძოდ,იაპონიიდან ლონდონში ფარულად ჩასულმა ახალგაზრდებმა შემდგომში უდიდესი როლი ითამაშეს იაპონიის ისტორიაში.ხუთი იაპონელი ახალგაზრდიდან ერთ-ერთი – იტო ჰირობუმი,ქვეყნის პირველი პრემიერ-მინისტრი გახდა და აღნიშნული პოსტი მას ოთხჯერ ეკავა.გარდა ამისა,სწორედ ის გახლდათ ავტორი ეგრეთ წოდებული – “მეიძის კონსტიტუციისა” (იაპონიის იმპერიის უმთავრესი კანონმდებლობა); მეორე ახლგაზრდა – ინოუე კაორუ სანამ იაპონიის იმპერიის პირველი საგარაეო საქმეთა მინისტრი გახდებოდა,მანამდე ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ეჭირა; მესამე მათგანი – ინოუე მასარო,დღემდე მოიხსენიება,როგორც “იაპონური რკინიგზის მამა”,რადგან სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული “ამომავალი მზის” ქვეყანაში პირველი სარკინიგზო ხაზის გახსნა (ტოკიოსა და იოკოჰამას შორის); მეოთხე იაპონელი ახალგაზრდა – ენდო კინსუკე,დიპლომატი გახდა,თუმცა სახელი მაინც იმით გაითქვა,რომ ხელმძღვანელობდა ოსაკაში განთავსებულ “მონეტარულ სახლს”,ხოლო მეხუთე მათგანი – იამაო ეძო კი,იოკოჰამაში მდებარე გემთსაშენი ვერფის დირექტორი გახდა და უდიდესი წვლილი დაიდო იაპონიის ტექნიკური მოდერნიზაციის საკითხებში.მისივე ინიციატივით გაიხსნა იაპონიაში პირველი საინჟინრო კოლეჯი და მის სახელთანვე ასოცირდება სმენადაკარგულ და ბრმა იაპონელ ბავშვთა სკოლების დაფუძნება.იგი მთელი 36 წლის მანძილზე იყო იაპონიის ინჟინერთა საზოგადოების პრეზიდენტი.
მოგვიანებით,იაპონიის ისტორიაში უდიდესი წვლილის დამდებ ახალგაზრდებს,რომლებმაც ლონდონში მიღებული დიდებული განათლება მოახმარეს სამშობლოს, – “ხუთეული ტიოსიუდან” უწოდეს და ამავე სახელით მოიხსენიებენ დღემდე. (ავტორი გენია.ჯი)
იტო ჰირობუმი (იაპონიის იმპერიის პირველი პრემიერ-მინისტრი)
ინოუე კაორუ (იაპონიის იმპერიის პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი)
ინოუე მასარუ (“იაპონური რკინიგზი მამა”)
ენდო კინსუკე (იაპონიის “მონეტარული სახლის” დირექტორი)
იამაო ეძო (იაპონიის ტექნიკური მოდერნიზაციის პიონერი)