უილიამ შექსპირი – “სონეტი XXXI”
შენს მკერდში ძგერენ სიყვარულით დღეს ის გულები,
ქვეყნად ცოცხალი აღარცერთი რომ არ მეგონა…
და მეგობრებიც,საფლავებში ჩაკარგულები,
შენში გაცოცხლდნენ,რომ მათი ხმა კვლავ გამეგონა.
* * *
ჰოი რამდენი ცრემლი ცხადად ანდა ფარულად,
თვალს შეჰპარვია საიმათო ხსოვნის ნარჩენად,
დღეს კი ისინი სიკვდილიდან გამოპარულან
ყოფნა-არყოფნის საფიქრალის წარმოსაჩენად.
* * *
ახლა შენ ჰგავხარ სიყვარულით სავსე სამარეს_
მე ვინც მიყვარდა,შენი გახდა აწ და მარადის;
მათ მთელი ჩემი საგანძური შენ ჩაგაბარეს
და რაღა მეთქმის?! _ მეც შენი ვარ კუბოს კარამდის…
* * *
შენში რომ ვხედავ ჩემთვის ძვირფას ყველა არსებას,
მეც ვნატრობ შენთვის სიცოცხლეს და შენთან მსგავსებას.