იაკობ გოგებაშვილი – „ვინ არის პატრიოტი?!”

„ზოგიერთს ჩვენებურს ვაჟბატონებს რომ ჰკითხოთ, ყოველ ადამიანს მუცლითგანვე თან გამოაქვს მამულიშვილობა, რადგანაც სამშობლო ქვეყნის სიყვარული ყველას ბუნებითვე თანა ჰყვება და ამიტომ ამ გრძნობის აღზრდაზედ ზრუნვა რა საჭიროა…  პატრიოტობა საზოგადოებამ და ცალკე პირმა უნდა დანერგონ, აღზარდონ და დააყენონ ჯეროვან სიმაღლეზე… პატრიოტულს გრძნობასაც დიდი ხნის ზრუნვა, მოვლა, ყურისგდება და ერთგულება ესაჭიროება. იგი არის ნაზი, როგორც კაკლის ხე, ღრმა, როგორც მისი ფესვები, მაღალი, როგორც მისი წვერი, მისი ტოტებსავით განიერი და მისი კოკრებივით ნაყოფიერი. ამიტომ ითხოვს იგი საზოგადოებისაგან და ცალკე პირისაგან ისეთსავე ერთგულს ზრუნვასა და მოვლას, როგორც კარგის შვილის აღზრდა დედ-მამისაგან.

პატრიოტია ის, ვისაც სიცოცხლის უმთავრეს საგნად გაუხდია მშობლიური ქვეყნის ბედნიერება, ვინც თავგამოდებულად და შეუპოვრად ებრძვის დაუღალავად ყოველ დაბრკოლებას, რომელიც მის სამშობლო ქვეყანას წარმატების გზაზე გადაღობებია. ვისაც მთლად დაკარგულად მიაჩნია ყოველი წამი, რომელიც არ მოუხმარია მომავლის ზრუნვისათვის, ვისაც ედაგვის გული მამულის ტანჯვით, უხარის მისი ლხენითა, უბედურია მისი უბედურებით და ვინც მზად არის ღიმილით შესწიროს მას თავისი სიცოცხლე”.

P.S. მკითხველო, ჩვენი უდიდესი მამულიშვილის – იაკობ გოგებაშვილის მიერ დაწერილმა სიტყვებმა გენიალური ფრანგი მწერლისა და ფილოსოფოს-მატერიალისტის – კლოდ ადრიან ჰელვეციუსის (1715-1771 წლები) მიერ გამოთქმული უკვდავი სიტყვები გამახსენა – სამშობლოს შესახებ: „თუ გგონიათ, რომ ცოლ-შვილის სიყვარული უფრო დიდია სამშობლოს სიყვარულზე, მაშინ მამაკაცს ნება ექნება, იარაღი დაყაროს მამულისათვის ომის დროს და გამოიქცეს ცოლ-შვილის საშველად; ან მამას, რომელსაც, ვთქვათ, აბარია საზოგადო ხაზინა, ნება ექნება, გაძარცვოს ის, რომ ნაძარცვით გამოკვებოს თავისი ცოლ-შვილი, რადგანაც ამ მოქმედებით ის აზარალებს იმას, რაც ნაკლებად უყვარს, იმისთვის, რაც მეტად უყვარს”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>