ილია ჭავჭავაძე წერდა…
“დიდი ხნის ულაპარაკობამ,როგორც აზრით,ისე სიტყვითაც,ერთმანეთს დაგვაშორა.ერთი-ერთმანეთის სიტყვას ყური გადავაჩვიეთ: შენ ჩემი სიტყვა ან სულ არ გესმის, და თუ გესმის,შენებურად გესმის,მე კიდევ შენი სიტყვა ჩემებურად მესმის.ამიტომაც ქართველი ვეღარავის გვიცვნია,თუმცა კი ყველანი ქართულად ვლაპარაკობთ.რათ მოხდა ესე? იმიტომ მოხდა,რომ ჩვენ ყოველსფერში გათავ-თვადით.აზრი და ყოველი საგანი გავითავთავეთ და სიტყვაც,რომელიც მარტო აზრისა და საგნის ნიშანია,გათავ-თავდა”.
* * *
“ქართველს,რომელსაც საზოგადო მნიშვნელობა ჰქონდა,კერძოობითი მნიშვნელობა მიეცა.სიტყვას: მამულსაც – ეგ საქმე დაემართა”.
* * *
“ზღვა კოვზით არ დაილევაო,ნათქვამია,აი თუ არ დაილევა,სად არის მამულის ყოვლად-მპყრობელი,ვრცელი,ფრთაგაშლილი მნიშვნელობა?
განვიმეორებ,განვთავისუფლდით, და თითოეულის ზურგმა ვეღარ ზიდა ის დიდი აზრი მამულისა,რომელიც ყველასათვის ადვილად საზიდია.თვითეულობით ტვინი ამოშრა,შევიწროვდა და მაგ სიტყვის დიდი მნიშვნელობა ვეღარ იტვირთა.რაღა უნდა გვექნა ამის შემდეგ? ავიღეთ და მთელი მამული,ერთიანი ჩვენი ბინა დავყავით,გავინამცეცეთ თითოეულის ღონის კვალობაზედ ასე,რომ ზიდვაც შესაძლო ყოფილიყო ჩვენის ქინდრის-კაცობისათვის და დაპატარავებულს ტვინშიაც მოთავსებულიყო.დავაქციეთ ჩვენი დიდი ერთიანი სამშობლო ოჯახი,რომლის ბოძად იყო ერთიანი მხარი მთელის ქართველობისა, და მის ნაშთის ნამტვრევებისაგან პატარ-პატარა ხუხულები ავაშენეთ,რომელსაც საზოგადო სახელი “მამული” დავარქვით და რომელშიაც ჩვენც დავეტივენით, და ჩვენი ამომშრალი ტვინის და გონების აზრიც დავტიეთ; დავაქციეთ მამათა ჩვენთა სამარე,შვილთა ჩვენთა აკვანი; დიდი “მამული” დავშალეთ,პატარები გავიკეთეთ, და აქაც გავამართლეთ ჩვენის რუსთაველის სიტყვა: ყოველი მსგავსი მსგავსსა შობსო.
თითოეულმან ჩვენგანმა თავისი ხვედრი,დიდის “მამულის” ნაშთი,თავ-თავად შემოიღობა; იმ შემოღობილში თვითოეულმან ჩვენგანმან თავისი საკუთარი ქვეყანა აიშენა და საზოგადო სახელი “მამული” თავის კერძო მამულს დაარქვა და თქვა: თუ მე არ ვიქნებიო,ქვა-ქვაზედაც ნუ იქნებაო.ამ სახით თვითოეული ჩვენგანი თავის შემოღობილში შეიკეტა,თავისი საკუთარი ჭირი და ლხინი აიჩინა; და რომ თვითოეულმან ჩვენგანმა საერთო საქმეს თვალი მოაშორა და გონება თავისი საერთო საგანზედ აღარ ავარჯიშა,ის გონებაც ისე დაუბრმავდა,რომ იგი თავის ქონების იქით ვეღარ გადაუცილებია,რომ თავის მოძმეს გამოეხმაუროს მაინცა”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“პატარა დალაგებით რომ დაუფიქრდე იმ ხავსმოკიდებულს გუბეს,რომელსაც ჩვენ,ქვეყნის სამასხარაოდ,ცხოვრებას ვეძახით,რომელშიაც ჩვენ,რაღაც დაუდეგარის კმაყოფილებით ვჭყუმპალაობთ, და რომელიდამაც ათასი სხვადასხვა-ფერი ნაკადული იწრიტება ცალ-ცალკე და სხვადასხვა გზით მიდის, და “რაოდენადაც ერთმანეთზედ შორსა ვალს,ეგოდენ დაუძლურდების”, – ამ გუბეს რომ თვალღია და აუჩქარებლივ დააკვირდე,მაშინ შენც ჩემთან ამოიკვნესებ და იტყვი: “ვართ-ღაო!” (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ყოველი სულიერი ღვთის დანაბადია,ყველას აქვს თანასწორი ნება ამ თვალმიუწვდომელ ქვეყანაში ცხოვრებისა,მაგრამ რა გაეწყობა?.. ტყუილად კი არ გვარწმუნებს ჩვენი საღმრთო წერილი,რომ პირველი სისხლი უბოროტო ქვეყანაზედ კაცმა კაცისა დაანთხიაო.კაცი მოსისხლეა,მეც კაცთაგანი ვარ”. (“გლახის ნაამბობი”-დან)
* * *
“ცხოვრება,როგორც ყოველი მოზარდი,იზრდება,ჰყვავის,მოაქვს ნაყოფი და მერე ჭკნება – იმისათვის კი არა,რომ მოკვდეს და საუკუნოდ დაიმარხოს,არამედ იმისათვის,რომ თავისაგან მოყვანილის ნაყოფისავე თესლზედ ამოიყვანოს სხვა ახალი,ნედლი ცხოვრება,რომელიც ისევ ისე უნდა წავიდეს ცხოვრების გზაზედ,როგორც პირველი,თუ უკვდავება უნდა”.
* * *
“დიდი გენიოსი უნდოდა და იმის მახვილის ჭკვის თამამი გამჭვრეტელობა,რომ მსჯელობით დროებაზედ მაღლა ავმაღლებულიყავით,საზოგადო ცხოვრების წრის გარეთ გავმდგარიყავით და გარემოების თვალ-დამაბნეველ ხაოსშია შეუმცდარად დაგვენახა საგანი ისე,როგორც არის და უნდა იყოს”.