ჯემალ აჯიაშვილი – “შიშით ჩამკვიდრდა კიდურებში ზამთრის სიზანტე”

შიშით ჩამკვიდრდა კიდურებში ზამთრის სიზანტე,

შიშმა აოტა კაენიდან მოდგმა აბელთა,

შიში ჩაგითრევს,უმსგავსობას ვიდრე იზამდე

და ჯამბაზივით ჩაგაოთხებს ჩამწყდარ საბელთან.

* * *

დასაბამიდან უკუნითი უკუნისმადე

შიშის თავადი მწუხარებას პირზე გაფენდა,

შიშმა მოგწყვიტა დედის საშოს,შიშით იზარდე

და შენი თავიც შიშნეულად შემოგაბერდა.

* * *

შიში შლის ტაძრებს – ათასწლოვან ლოდებს და კირქვებს -

და კაცთა მოდგმას დასამცრობად სწავლობს და ირკვევს;

და ასე მუდამ,ქანაანთან ქარი ქანაობს,

ასარგადონიც მედიდურად ასარგადონობს,

მაგრამ შიში სძრავს სასიკვდილოდ უძრავ ფარაონს

და სამყაროშიც საუკუნო შიში ბატონობს…

კომენტარის დატოვება