ზაქარია ჭიჭინაძის საიუბილეო საღამოდან…
1923 წელს,მაშინ,როდესაც საქართველო ორი წლის გასაბჭოებული იყო,საბჭოთა ხელისუფლებამ მიიღო მეტად მოულოდნელი და იშვიათი გადაწყვეტილება: შესანიშნავი ქართველი მკვლევარისათვის,ლიტერატორისა და საზოგადო მოღვაწისათვის – ზაქარია ჭიჭინაძისათვის (1854-1931 წლები),გადაეხადა 70 წლის იუბილე,რომელშიც ასევე ძალიან დიდი წვლილი დაიდეს გამოჩენილმა ქართველმა მამულიშვილებმაც.საინტერესოა ის გარემოება,რომ ზაქარიასადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების დაწყება საგრძნობლად იგვიანებდა,რადგან კულისებში არსად ჩანდა ღონისძიების უმთავრესი პერსონა. (ავტორი გენია.ჯი) ორგანიზატორები უმალვე დატრიალდნენ და მისი ძებნა დაიწყეს.საბედნიეროდ,ზაქარიას თეატრის შესასვლელთან მალევე გადააწყდნენ.როგორც გაირკვა,მოხუცი იუბილარი კონტროლიორმა ვერ იცნო და უბილეთოდ თეატრში არ უშვებდა… ყველაფერი დადგენილი წესის მიხედვით დაიწყო.ამაგდარ ქართველს საბჭოთა ხელისუფლების სახელით მისასალმებელი და ომახიანი სიტყვით მიმართა საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭოს თავჯდომარის მოადგილემ – პოლიკარპე “ბუდუ” მდივანმა (მოგვიანებით ისისც სხვა უამრავ ქართველთა მსგავსად სიკვდილით დასაჯეს).ოდესღაც არტისტი – ბუდუ მდივანი მშვენიერი ქართულითა და ოდნავ მჭახე ხმით მეტყველებდა… სიტყვის დასარულს კი,მან იუბილარს შემდეგი სიტყვებით მიმართა:
“ძვირფასო ზაქარია! კიდევ 50 წელიწადი იცოცხლე და საბჭოთა ხელისუფლება კიდევ გადაგიხდის 50 წლის შემდეგ იუბილეს”.
აღნიშნულმა სიტყვებმა,დარბაზში მყოფ საზოგადოებაში თავშეკავებული სიცილი გამოიწვია,რაც თავისთავად იმ პერიოდის პოლიტიკურ სიტუაციასა და საზოგადოების მხრიდან,ეჭვის გამოხატვას ნიშნავდა… ორატორი ერთ წამს თითქოს შეკრთა კიდეც,მაგრამ არ დაიბნა და მაშინვე უფრო ომახიანი ხმით განაგრძო:
“აი,ხომ ხედავთ,ზოგიერთებს ეცინებათ კიდეც,ალბათ იმედი არა აქვთ,არ სჯერათ,რომ საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება 50 წელს გასძლებს,მაგრამ ეს ამხანაგები მწარედ სცდებიან,ჩვენ ვეცდებით,რომ გავძლოთ და ასეთი იუბილეები შემდგომშიაც გადავიხადოთ!”
P.S. ზაქარია ჭიჭინაძემ აღნიშნული იუბილის შემდეგ მხოლოდ 8 წელიწადი იცოცხლა.ჩვენდა სავალალოდ და საუბედუროდ კი,ბუდუ მდივანის სიტყვები ახდა: საბჭოთა ხელისუფლებამ საქართველოში კიდევ – 68 წელიწადის მანძილზე იბობოქრა (საერთო ჯამში 70 წელიწადი). – (ავტორი გენია.ჯი)