გერონტი ქიქოძე – „პატარა სამშობლო”
„რას აირჩევდი, მკითხველო, არჩევანი რომ შესაძლებელი ყოფილიყო: დიდსა თუ პატარა სამშობლოს. მგონია, რომ პატარა სამშობლოს ზოგიერთი უპირატესობა აქვს დიდის წინაშე,მაგრამ თუ თანამედროვე მსოფლიო ომის ოფიციალურ უწყებებს კითხულობ, სადაც მშრალი სატელეგრამო სტილით პატარა ერების ბიბლიური თავგადასავალია აღწერილი, მაგალითად, ანტვერპენისა, ბელგრადისა და ბუქარესტის აღება, ან კიდევ ბელგიელების, სერბიელების, შავმთიელებისა და რუმინელების სამშობლოდან გამოსვლა, ვეჭვობ, რომ პატარა ერის ხვედრი აირჩიო. ყველაზე ნაკლებ სახარბიელო სხვის ხელში მაცქერალი არსების მდგომარეობაა, პატარა ხალხი კი დღეს ხშირად იმყოფება ასეთ მდგომარეობაში. მის ბედს სხვები განაგებენ, სხვები უკარნახებენ ბრძოლაში ჩარევას თუ თავის შეკავებას, სხვები ანგარიშობენ გამოსაღები მსხვერპლისა და მოსალოდნელი სანაზღაუროს რაოდენობას. რარიგ არ უნდა დამთავრდეს დიდი საერთაშორისო შეჯიბრება, ლომის კერძი რომელიმე დიდ სახელმწიფოს ერგება, უეჭველია: პატარა ერები იძულებულნი იქნებიან ნამცეცებს დაკმაყოფილდნენ.
მაგრამ ამისდა მიუხედავად, რაც დრო გადის, მით უფრო ძლიერი ხდება პატარა სამშობლოს იდეა. ფრანგმა მეცნიერმა გაბრიელ ჰანოტომ სამართლიანად აღნიშნა, დღევანდელი კაცობრიობა კი არ ერთიანდება და ჯგუფდება, არამედ უფრო ნაწილდება თანდათანო. ყოფილი პროვინციები ახალი სამშობლოს სახელს ღებულობენ, განცალკევებული ტომები თვითმმართველობას ითხოვენ: ზოგი მათგანი საფლავში ინძრევა, ზოგი კიდევ არტახებში. ნორვეგიელი შვეციელის წინააღმდეგ ილაშქრებს, ფლამანდრიელი – ვალონელის წინააღმდეგ. ევროპა ჯერ კიდევ იყოფა და ქუცმაცდება. მეჩვიდმეტე და მეთვრამეტე საუკუნეებში ევგენი სავოელისა და ვოლტერის დროს კოსმოპოლიტიზმს მეტი ძალა ჰქონდა, ვიდრე დღესა აქვს.
ეს შეხედულება სწორია არა მარტო დასავლეთ ევროპისა, არამედ საქართველოსთვისაც. ჩვენი მეჩვიდმეტე და მეთვრამეტე საუკუნეებიც უფრო კოსმოპოლიტური ხასიათისა იყვნენ, ვიდრე ჩვენი მეოცე საუკუნეა და ჩვენი დიდი წინაპრები გიორგი სააკაძე ან ერეკლე მეორე უფრო ადვილად ეთხოვებოდნენ პატარა სამშობლოს იდეას, ვიდრე თანამედროვე შეგნებული ქართველი გამოეთხოვება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს ყოველ თვითცნობიერ მამულიშვილში სოლომონ ლეონიძის სული ფეთქს და განცალკევებული არსებობის აზრს დღეს საქართველოში მეტი გავლენა აქვს, ვიდრე ოდესმე ჰქონია.
ასეთ სულიერ განწყობილებას ძალაუნებურად დიდი ერებიც ურიგდებიან. კიდევ მეტიც: დიდ მებრძოლ სახელმწიფოებს თავიანთი თავი პატარა ერების ფალავნებად მოაქვთ და ხანდახან კიდეც კეკლუცობენ და ყოყოჩობენ ამ როლში. ინგლისი ბელგიის მფარველობას იჩემებს, ავსტრია-უნგრეთი-სერბიელ-კროატიელების გაერთიანებას, გერმანეთი და რუსეთი პოლონეთის აღდგენაში ერთიმეორეს ეცილებიან. დღეს ეროვნული თავისუფლების იდეას ისეთივე სტიქიური ძალა აქვს, როგორც მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში დემოკრატიულ იდეას ჰქონდა და თანამედროვე ძლევამოსილი სარდლები ხშირად იძულებულნი არიან ქედი მოიხარონ უფლებააყრილი ერების წინაშე, როგორც ნაპოლეონ პირველმა ასი წლის წინათ სანკიულოტების წინაშე მოიხარა ქედი.
მართალია, პატარა სამშობლოს ბევრი რამ აკლია დღევანდელ პირობებში: ქონებრივი მორჭმულობა, მრავალრიცხოვანი სპა. მჭრელი მახვილი თავის დასაცავად, მაგრამ, სამაგიეროდ, ზოგიერთი მაღალხარისხოვანი ზნეობრივი თვისებები აქვს.
პატრიოტული გრძნობა ჩვეულებრივ პატარა ხალხში უფრო ცხოველია, ვიდრე დიდში. ეს, ალბათ, იმით აიხსნება, რომ სიყვარულის საგანი ყოველთვის ახლობელი და ხელშესახები უნდა იყოს, დიდი სახელმწიფოები კი ხშირად უსაზღვრო და თვალუწვდენელი ტერიტორიის სახეს ღებულობენ. ასეთ ტერიტორიაზე პატრიოტიზმის ადგილს ქვეშევრდომის შეგნება იჭერს. თითოეული მოქალაქის ჭირი და ლხინი ნაკლებად არის დაკავშირებული საერთო ჭირთან და ლხინთან, და დიდი სახელმწიფოს სხეულის ერთი ასო ხშირად წყლულდება და ნადგურდება ისე, რომ მეორე ასო ვერც კი გრძნობს საფრთხის მოახლოებას. ზოგიერთი დიდი იმპერია უფრო ხელოვნურად შეკოწიწებულ მანქანას წააგავს, ვიდრე ორგანულ არსებას და ხშირად ერთი პაწია მავთულის გაწყვეტაა საკმაო, რომ მთელი უზარმაზარი მექანიზმი მოიშალოს. (ავტორი გენია.ჯი)
პირიქით, რარიგ ცხოველმყოფელია პატარა სამშობლო. მამულიშვილი არ იკარგება უსაზღვრო და უპიროვნო მასაში. თემის ჭირ-ვარამი მისი ჭირ-ვარამიც არის, ეროვნული საქმეები მის საუკეთესო საქმეებშია გადახლართული. მტრის შემოსევა საფრთხეს უქადის მის სახლ-კარსა და ცოლ-შვილს, სამშობლოს გამარჯვება კეთილდღეობას უმზადებს მის არსებობას. სამშობლო მას მეტს სთხოვს და მეტს ჰპირდება. ეს გარემოება ყოველ ადამიანურ ნიჭს ამოძრავებს და უხვად ასარზდოებს ადამიანურ თაოსნობას და შემოქმედებას. ამით აიხსნება, რომ პატარა ქვეყნის შვილები ხშირად უფრო ძლიერი ადამიანები არიან, ვიდრე დიდი ქვეყნის მოქალაქეები და პატარა ერები ხშირად გენიოსებისა და თვითშემოქმედების სასწაულს ააშკარავებენ.
ათენმა პერიკლე, სოკრატე და პლატონი წარმოშვა, როცა ის ოციათას მოქალაქეს ითვლიდა და დიდი სპარსეთის მეფე დაამარცხა ეროვნულ ბრძოლაში. ქალაქ რომმა რამდენიმე თაობის განმავლობაში მთელი ხმელთაშუა ზღვის აუზი დაიპყრო. პატარა ფლორენციამ იტალიური აღორძინების ნიადაგი შექმნა და ხელოვნების საუკეთესო ყვავილები წარმოშვა. პატარა ვენეციამ რამდენჯერმე ოსმალები, ბიზანტიელები, დალმაციელები და უნგრელები უკუაქცია, კონსტანტინოპოლი, პელოპონესი, კიპროსი და კრიტოსი დაიმორჩილა და შავი ზღვიდან ჩრდილოეთის ზღვამდე მსოფლიო აღებ-მიცემობა გააჩაღა.
ჩვენს პატარა სამშობლოსაც ჰქონია დიადი წუთები. მის მხედრებს ძლევამოსილი სულთნები დაუმორჩილებია, მის ოსტატებს გმირთ ნაკვეთი ტაძრები აუგია. ამიტომ არის, რომ დროებითი ბედშავობა გულს არ უტეხს და მისი თვალები ასე იმედიანად იცქირებიან მომავალი წლებისაკენ. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ზემოთ განთავსებული გერონტი ქიქოძის პორტრეტი,აღებულია საიტიდან – burusi.wordpress.com-იდან.