ლია ლიქოკელი – “ხომ არ ფიქრობ,ვინმე მოვა,როცა კვდები”
ხომ არ ფიქრობ,ვინმე მოვა,როცა კვდები:
ხომ შეიძლება,ხელები დაიგრძელო და საფლავში გადაიყოლო.
მაშინ მოვლენ,როცა უკვე საიმედოდ იქნები მკვდარი,
დასამარხად გამზადებული.
კარგად მოგივლიან: დაგბანენ,სუფთა ტანსაცმელს ჩაგაცმევენ.
სახლსაც დაგილაგებენ და
სიტყვებსაც უხვად მოიყოლებენ -
ყველას აღმოაჩნდება ერთი-ორი სიტყვა,
მკვდრისთვის სათქმელად რომ გამოდგება.
* * *
შენც აღარ დაიწყებ ხელების ქნევას,
გაგიკვირდება,რა კარგად ესმით შენი,
რა კარგად არის თქვენს შორის ყველაფერი.
და იტყვიან: რა წესიერი მკვდარია,
წევს თავისთვის,ჩუმად,
ასეთი რომ ყოფილიყო სიცოცხლეში,
ამდენი რომ არ ეყვირა,
ხომ მაშინაც შევიყვარებდით.
* * *
შენ დაუჯერებ ყველაფერს,
ხელებსაც ისე დაიწყობ მკერდზე,როგორც გეტყვიან,
სუნთქვასაც შეკავებ,შენს თავთან სანთელი რომ არ ჩაქრეს,
ლოცვას ვერცხლის მონეტებივით რომ დაგაფარებენ თვალებზე.
და იტყვიან: რა კარგი მკვდარია,
რა ადვილია ასეთებთან ურთიერთობა.
* * *
არავის აქვს ცოცხლებისთვის სათქმელი სიტყვა,
რომ ჰქონოდათ,საკუთარ თავებს ეტყოდნენ.
მკვდართან ყველაფერი ადვილია,
მიხვალ,ჯერ ზეწარს გადააფარებ,
მერე მიწას,
და მშვიდად იფიქრებ,რომ ზამთარში თბილად იქნება,
აღარაფერი გაუჭირდება.