პეტრე I დიდი – “ეპიზოდი”
რუსეთის საიმპერატორო ტახტზე ახლად ასული პეტრე I დიდი (1672-1725 წლები),უდიდესი დილემის წინაშე აღმოჩნდა,რადგან მთელ საიმპერიო ჩინოვნიკებსა და ბიუროკრატიულ აპარატში ჩვეულებრივ მოვლენად იყო ქცეული სახელმწიფო თანხების დატაცება-მითვისება და კორუფცია.სწორედ ამიტომ,პეტრე I-მა ბრძანა ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების მოწვევა და მათთან აღნიშნული საკითხის განხილვა. (ავტორი გენია.ჯი) სხდომის მიმდინარეობისას,რუსეთის იმპერატორი იმდენად აღაშფოთა ქვეყანაში გამეფებული სახელმწიფო თანხების დატაცებისა და კორუფციის ისტორიებმა,რომ გენერალ-პროკურორ პავლე იაგუჟინსკის განრისხებული ხმით უბრძანა:
“ახლავე,ჩემი სახელით გამოეცი განკარგულება,რომელიც რუსეთის ყველა პროვინციაში უნდა გადაიგზავნოს, და რომლის თანახმადაც თუკი რომელიმე სახელმწიფო მოხელე ქვეყნის ბიუჯეტიდან მოიპარავს იმდენ თანხას,რამდენიც საკმარისი იქნება თოკის შესაძენად,იგი ყოველგვარი გასამართლების გარეშე იქნება თოკითვე ჩამოხრჩობილი”.
გენერალ-პროკურორმა ყურადღებით მოისმინა იმპერატორის ბრძანება,გაეღიმა და პეტრეს გულახდილად მიუგო:
“თქვენო უდიდებულესობავ! ნუთუ სრულიად მარტო გსურთ დარჩენა,ყოველგვარი ქვეშევრდომებისა და მოსამსახურეების გარეშე? ჩვენ აბსოლუტურად ყველანი ვიპარავთ და ერთმანეთისაგან მხოლოდ მოპარული თანხის რაოდენობით განვსხვავდებით”.
პავლე იაგუჟინსკის მიმართვამ პეტრე I იმდენად გაახალისა,რომ თავისი სასტიკი ბრძანების გამოცემაზე უარიც კი განაცხადა.მიუხედავად ამისა,მან მაინც მოახერხა იმპერიაში სახელმწიფო თანხების დატაცებებისა და კორუფციის მნიშვნელოვანწილად აღმოფხვრა,თუმცა არა იმ მეთოდებით,რომელიც წინამდებარე ბრძანებაში ჰქონდა მოყვანილი. (ავტორი გენია.ჯი)