დემარეტოსი – (სპარტის მოღალატე მეფე)

დემარეტოსი – წარმოადგენდა ანტიკური ხანის ერთ-ერთი უძლიერესი ქალაქ-სახელმწიფოს – სპარტის იმ უიშვიათეს მეფეთაგანს ევრიპონტიდების დინასტიიდან ძვ.წ.აღ-ით 515-490 წლებში,რომელიც სპარსელებს შეეკრა და საკუთარ სამშობლოს უღალატა.საყურადღებოა,რომ თავად სახელი – დემარეტოსი – “ხალხის ვედრებით გამოთხოვილს” აღნიშნავს. (ავტორი გენია.ჯი) დემარეტოსის მამა,სპარტის მეფე,არისტონი,მამაცი კაცი იყო და ყველა პატივს სცემდა.მის მიმართ ხალხის სიყვარული იმდენად დიდი იყო,რომ სპარტელები თავიანთ ღმერთებს გულმხურვალედ შესთხოვდნენ დიდი ხნის ნანატრი შვილი (მემკვიდრე) გამოეგზავნათ.არისტონს ორი ცოლი ჰყავდა,თუმცა შვილი არც ერთ მათგანთან არ გაუჩნდა.მოგვიანებით არისტონმა მესამე ცოლიც შეირთო და სწორედ მისგან შეეძინა ვაჟიშვილი,რომელსაც სახელად – დემარეტოსი უწოდეს.თუმცა,რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,როდესაც არისტონს ვაჟის გაჩენის ამბავი ახარეს,მან თითებზე გადაითვალა და თქვა: ეგ ჩემი ვაჟი არ იქნებაო.მას შემდეგ,რაც არისტონი გარდაიცვალა,ძალაუფლება ხელში დემარეტოსმა აიღო.მიუხედავად ამისა,დემარეტოსის დაუძინებელმა მოქიშპემ – კლეომენესმა,არ დაივიწყა არისტონის მიერ წარმოთქმული სიტყვა – ეგ ჩემი ვაჟი არ იქნებაო, – და ამტკიცებდა,რომ იგი ლაკედემონელთა უკანონო მეფე იყო.აღნიშნულმა ფაქტმა სპარტაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.ლაკედემონელებს ისღა დარჩენოდათ,რჩევა დელფოს სამისნოსაგან მიეღოთ. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა გასათვალისწინებელია ის,რომ დემარეტოსის დაუძინებელ მტერს – კლეომენესს,დელფოს უმაღლესი ქურუმი უკვე მოსყიდული ჰყავდა.შესაბამისად,ქურუმმა სპარტელები გააცურა და განაცხადა,რომ მათი იმჟამინდელი მეფე მართლაც არ იყო არისტონის ვაჟი (აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმასაც,რომ დემერეტოსსა და კლეომენესს შორის წარმოშობილი დაუნდობელი დაპირისპირება,ამ უდიდესი ისტორიის მქონე ქალაქ-სახელმწიფოსათვის რამდენიმე მნიშვნელოვანი წარუმატებლობის მიზეზი გახდა).კლეომენესს მხარი აუბა ლეოთიქიდესმაც,რომელიც თავად ესწრებოდა არისტონის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს დემარეტოსის დაბადების დროს.მან ის ეფორებიც დაიმოწმა,რომლებიც იმ დროს მასთან ერთად იმყოფებოდნენ.სპარტელები დარწმუნდნენ-რა დემარეტოსის “თვითმრქვიობაში”,იგი ტახტიდან ჩამოაგდეს.სპარტის სამეფო ტახტზე კი ძვ.წ.აღ-ით 491 წელს ავიდა ის ლეოთიქიდეს II,რომელმაც ყველაზე დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა კლეომენესს.

ერთ დღეს სპარტის ახალმა მეფემ,დემარეტოსს ირონიულად და ღვარძლიანად ჰკითხა:

- აბა,დემარეტოს,როგორია მეფობის დაკარგვა?

- მე უკვე ერთიც გამოვცადე და მეორეც,შენ კი არც ის ყოფილხარ და არც ეს.უფრთხილდი,შენი კითხვა სპარტას ან ათას უბედურებას მოუტანს,ან ათას ბედნიერებას! – მკაცრად უპასუხა ლეოთიქიდესს დემარეტოსმა.

სახლში დაბრუნებული თვლაფდასხმული,შეურაცხყოფილი და დამცირებული დემარეტოსი დედას მუხლებში ჩაუვარდა და თხოვა მისთვის სრული სიმართლე ეთქვა – იყო თუ არა ის მართლაც არისტონის შვილი,რაზეც მისგან დადებითი პასუხი მიიღო (ის ნამდვილად არისტონის ვაჟი გახლდათ).ყველასაგან მოძულებულმა,ფეხქვეშგათელილმა,მორალურად განადგურებულმა და მშობელი ხალხის მიმართ შურისძიების გრძნობით ანთებულმა სპარტის ყოფილმა მეფემ,იმავე დღეს დატოვა სამშობლო.ლაკედემონელებმა მას მდევრებიც დაადევნეს,თუმცა უშედეგოდ.იგი მდევრებს ხელიდან დაუსხლტა,ზღვაზე გადავიდა და აზიაში სპარსეთის მეფეს – დარიოსს ეახლა.სპარსთა გონიერმა მეფემ,დემარეტოსი დიდი პატივით მიიღო და სამართავად იონიის მახლობლად მდებარე სამი ქალაქი გადასცა.ამ დროს კი სპარტაში სამეფო ტახტზე მისი დაუძინებელი მტერი კლეომენეს I ავიდა.მალევე სპარტელებისათვის ცნობილი გახდა,რომ კლეომენესმა,ლეოთიქიდესმა და დელფოს ქურუმებმა ისინი მოატყუეს.სწორედ ამიტომ დასაჯეს ლაკედემონელებმა დელფოსელი ქურუმები,რომელთაც ღირსება აჰყარეს.კლეომენესს კი თანამემამულეების იმდენად შეეშინდა,რომ სპარტის მოკავშირეები მათსავე წინააღმდეგ წააქეზა.აღნიშნულმა მოვლენამ სპარტელები იძულებული გახადა კლეომენესი კვლავაც მათ მეფედ ეღიარებინათ.შესაბამისად,ლაკედემონელებმა მისი დასჯა ვერ შეძლეს.თუმცა მათგან განსხვავებით,იგი ღმერთებმა დასაჯეს: კლეომენესი გაგიჟდა.იგი ქალაქის ქუჩებში დადიოდა და ყველა შემხვედრს სახეში კვერთხს ურტყამდა.მალევე ჭკუაზე აჭრილ კლეომენესს ფეხებზე ბორკილები დაადეს და ჯურღმულში გამოკეტეს.დატყვევებულმა კლეომენესმა კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მიუხედავად სპარტაში განვითარებული მოვლენებისა,სამშობლოდან გადახვეწილი დემარეტოსი მაინც სასტიკი შურისძიებისათვის ემზადებოდა.მისი სპარსეთში ჩასვლიდან ათი წლის შემდეგ,ქსერქსემ ელადაზე გალაშქრება გადაწყვიტა.სწორედ ამ ფაქტით უნდა ესარგებლა და ეძია შური თანამემამულეებზე დემარეტოსს და აკი ისარგებლა კიდეც.ქსერქსეს ყოველგვარი დახმარება აღუთქვა მან,რის გამოც სპარსეთის მეფემ იგი ლაშქრობაში თან იახლა.ქსერქსე ხშირად იღებდა უმნიშვნელოვანეს ინფორმაციებს დემარეტოსაგან ლაკედემონელთა შესაძლებლობების შესახებ.თუმცა,თავდაპირველად მისი არ სჯეროდა. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდეგ,რაც ქსერქსემ თერმოპილესთან ბრძოლაში სპარტელთა გამაოგნებელი თავგანწირვა იხილა,დარწმუნდა,რომ დემარეტოსი არ ტყუოდა.თერმოპილეს ბრძოლის შემდგომ კი ქსერქსე მუდმივად იღებდა რჩევებს სპარტის ყოფილი მეფისაგან და სწორედ მისი უშუალო ინფორმაციების შედეგად შეძლო ამ გაუტეხელი ხალხის დამარცხება სპარსელთა არმიამ.ერთგული ქვეშევრდომობის გამო,ქსერქსემ დემარეტოსს მცირე აზიის სანაპიროზე განთავსებული ქალაქი – პერგამონის მმართველობა უბოძა.მას შემდეგ,რაც სპარსთა მეფემ საქმე მოთავებულად ჩათვალა,დემარეტოსის რჩევების გათვალისწინებიდან თავის შეკავება დაიწყო,რაც საბოლოო ჯამში,ქსერქსეს დამარცხების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორიც გახდა.დემარეტოსის,როგორც სამშობლოს მოღალატის სახელის წარმოთქმაც კი სპარტაში დიდი ხნის მანძილზე სირცხვილად მიიჩნეოდა და აკრძალული გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>