ლეონარდო და ვინჩი – “ეპიზოდი”
აღორძინების ხანის გენიალური იტალიელი არქიტექტორი,მხატვარი,გამომგონებელი და სწავლული - ლეონარდო და ვინჩი (1452-1519 წლები),თავის ერთ-ერთ ჩანაწერში ყურადღებას ამახვილებდა კაჭკაჭის მადლიერების გრძნობის მიმართ: როდესაც კაჭკაჭი ხედავს,რომ მშობლები დაბერდნენ და დაუძლურდნენ,რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს,იწყებს მათ მოვლას – უშენებს ბუდეს,ათბობს და აჭმევს,ნისკარტით აცლის დაზიანებულ და ჭუჭყიან ბუმბულს. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ასეთი სახის ჩანაწერისა,თავად ლეონარდო საკუთარი მშობლების – პიერო დავინჩისა და კატერინა ბუტი დელ ვაკას მიმართ კაჭკაჭის მსგავსი მზრუნველობით ნამდვილად არ გამოირჩეოდა.მიუხედავად იმისა,რომ ლეონარდო,გლეხი ქალისათვის – კატერინასათვის ერთადერთი და ისიც უკანონო ვაჟიშვილი იყო,მან მაინც საკმარისზე მეტად მოიხადა ვალი და იტალიისა და მსოფლიოს წინაშე,რადგან სწორედ მან შვა ის ერთადერთი პირმშო,რომლის სახელიც არასოდეს წაიშლება კაცობრიობის ისტორიის ფურცლებიდან.
1494 წლის ზამთრის ცივ და პირქუშ დღეს,კატერინა ავადმყოფობამ საწოლს მიაჯაჭვა.ლეონარდო,რომელიც ექიმებს მაინცდამაინც არ ენდობოდა და წერდა,რომ “შეეცადე შეინარჩუნო შენი ჯანმრთელობა,რასაც წარმატებით მიაღწევ,თუ ექიმებს მოერიდებიო”, – იძულებული გახდა ფორმალობის დაცვის მიზნით ერთ-ერთი მედიკოსი მაინც მოეწვია დედის განსაკურნებლად.
ავადმყოფ და მომაკვდავ დედას,რომელიც უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა,მთელი ღამის განმავლობაში გვერდიდან არ მოსცილებია ლეონარდო.მას შემდეგ,რაც უკუნი ღამე გაილია,მომაკვდავმა ტუჩები აამოძრავა და ვაჟს ცნობამიხდილმა მაინც სრულიად გარკვევით მიმართა:
- გესმის მამლის ყივილი? ეს კარგის ნიშანია.მამლის ყივილი აფრთხობს ავაზაკებსა და მძარცველებს.მასთან ერთად იღვიძებს ცისკრის ვარსკვლავი და იესო მერყევთა და ცოდვილთა მხარეს იბრუნებს პირს.ამ დროს უბრუნდება სულს სიმშვიდე და ყოველგვარი ეჭვი ქრება.წმინდა წერილი გვასწავლის,შვილო,რომ ეს შემთხვევით არ ხდება,ყველაფერი ღვთის ნებაა”. (ავტორი გენია.ჯი)
კატერინა გარდაიცვალა… დედის დაკრძალვის პროცესია ლეონარდომ შესაფერისად ჩაატარა.ცერემონიას არ აკლდა არც ეკლესიის მსახურები,არც ძვირადღირებული სანთლები და არც მგალობელთა გუნდი.მიუხედავად ამისა,ხალხმა უწყოდა-რა და ვინჩის მიერ ადრეულ ეტაპებზე მშობლების მიმართ გამოჩენილი ერთობ უყურადღებო დამოკიდებულება,მას ზურგს უკან აქილიკებდნენ და ამბობდნენ,რომ უმჯობესი იყო,ლეონარდოს,თავისი გულუხვობა და სიკეთე მათსავე სიცოცხლეში გამოეჩინა.
დაკრძალვის ცერემონიაზე მყოფმა ერთ-ერთმა დამსწრემ – სალაინომ იქედნურად შენიშნა: – ორი წელია,რაც ოსტატი აღსარებაზე არ ყოფილა და ერთი დინარის სანთელიც არ უყიდია.მე მაინც ვერავინ დამარწმუნებს იმაში,თითქოს ის დიდად ღვთისმოსავი იყოსო.
მიუხედავად იმისა,რომ ლეონარდო მართლაც არ იყო ღრმად მორწმუნე და რელიგიური პიროვნება,მან დედის ხსოვნას მაინც სათანადო პატივი მიაგო და იგი სრული ქრისტიანული წესის დაცვით მიაბარა მიწას. (ავტორი გენია.ჯი)