ჟაკ-ანრი ბერნარდენ დე სენ-პიერი წერდა…
“საუკეთესო წიგნი წიგნთა შორის – სახარება – მხოლოდ თანასწორობას,მეგობრობას,ადამიანურობასა და თანხმობას რომ ქადაგებს,საუკუნეთა განმავლობაში ევროპელთა სიშმაგის საბაბი გახდა.
სახარების სახელით კიდევ რამდენი ბოროტება ხდება მიწაზე საზოგადოებრივსა და კერძო ცხოვრებაში! ამის შემდეგ თავს ნურავინ მოიტყუებს,რომ წიგნით ადამიანებს სარგებლობას მოუტანს,მოიგონეთ,როგორი ბედი ხვდა იმ ფილოსოფოსთა უმრავლესობას,რომელნიც ხალხს სიბრძნეს უქადაგებდნენ.მშვენიერი ლექსებით სიბრძნის გამომხატველი ჰომეროსი მთელ თავის სიცოცხლეში მოწყალებას თხოულობდა.სოკრატე,ათენელებს სიბრძნე სასიამოვნო გაკვეთილებით – საუბრებითა და თავისი საქციელით რომ უქადაგა,სასამართლოს განაჩენით მოწამლეს.სოკრატეს ბრწყინვალე მოწაფე,პლატონი,მონად გაყიდეს სწორედ მისი ადრინდელი მფარველის ბრძანებით.მათზე უფრო ადრე პითაგორა,რომლის ჰუმანურობა პირუტყვსაც არ ავიწყებდა,კროტონელებმა ცოცხლად დასწვეს.ეგ რა არის! სახელოვან ადამიანთა უმრავლესობის შესახებ ჩვენამდე დამახინჯებულმა ცნობებმა მხოლოდ იმის გამო მოაღწია,რომ უმადური ადამიანები ასეთ ცნობებს სიამოვნებით ითვისებენ.თუ მრავალ დიდებულ ადამიანთა შორის ჩვენამდე მხოლოდ ზოგიერთის სახელმა მოაღწია წმინდად და სპეტაკად,ეს იმიტომ მოხდა,რომ ისინი თანამედროვეთაგან განცალკევებულად ცხოვრობდნენ.ამ მხრივ ეს ადამიანები ჰგავდნენ ძველი საბერძნეთისა და იტალიის ქანდაკებებს,რომელნიც ბარბაროსებს იმით გადაურჩნენ,რომ მიწაში იყვნენ დამარხულნი”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ადამიანს თავისი მომავალი რომ სცოდნოდა,სიცოცხლეს ვინ მოისურვებდა,შვილო ჩემო?! წარმოიდგინე,მარტო უბედურების წინათგრძნობა რამდენ ამაო წუხილს გვანიჭებს.უბედურების მოლოდინი კი მოგვიწამლავდა მთელი სიცოცხლის დღეებს.ის კი არა,აწმყოსაც არ უნდა ჩავუფიქრდეთ ღრმად.ზეცამ აზრი საჭიროებათა გასათვალისწინებლად მოგვცა და საჭიროებანიც შეგვიქმნა,რათა ჩვენი აზროვნება შემოეფარგლა”.
* * *
“ქალები იმ ქვეყანაში არიან თვალთმაქცები,სადაც მამაკაცი ტირანია,ძალმომრეობა ყველგან ცბიერებას წარმოშობს ხოლმე”.
* * *
“ახალგაზრდობაში სხვებს ატყუებენ,სიბერეში კი თვითონ რჩებიან მოტყუებულნი.ეს მსოფლიოს მომწესრიგებელი სამართლიანობისაგან სამაგიეროს მიზღვაა.ერთის ურიგო საქციელს მეორის ურიგო საქციელი აწონასწორებს.ამნაირად,ევროპელთა უმრავლესობა ორმაგ გარყვნილებაში ატარებს თავის ცხოვრებას.ასეთი უწესო ცხოვრება მით უფრო იკიდებს ფეხს,რაც უფრო მცირერიცხოვანი ჯგუფის ხელში გროვდება სიმდიდრე.ბაღში პატარა ხეები ვერ გაიხარებს,თუ მათ დიდი ხეები ჩრდილავს,სახელმწიფო კი ასეთ ბაღსა ჰგავს”.
* * *
“ბუნების წიაღში აღზრდილი ადამიანი ვერ გაიგებს ჩვენი საზოგადოების გარყვნილებას.შეიძლება ზუსტად წარმოიდგინოს წესრიგი,უწესრიგობას კი ვერ წარმოიდგენს.მშვენიერებას,სათნოებას,ბედნიერებას გარკვეული ზომა აქვს.სიმახინჯეს,გარყვნილებას და უბედურებას კი – არავითარი”. (ავტორი გენია.ჯი)