ვაჟა ხორნაული – “უფალი გეტყვის სიტყვებსა”

გულს რომ პეშვივით შეუშვერ

ციდან წამოსულ წყაროსა - 

მტერიც დაგლოცავს ზურგს უკან,

აღარ გაგითხრის ხაროსა.

შუქი რამ აუმღვრეველი

შემოგეხვევა სამოსად,

ისეთი სითბო ექნება,

როგორც წინაპრის ჯვალოსა,

ტყვია და ხმალი კი არა,

ელვაც ვერ გაეკაროსა.

* * *

ფიქრი გასცდება სივრცეებს,

რომ მზის თვალს ეწამწამოსა,

უფალი გეტყვის სიტყვებსა,

სურნელოვანსა,ამოსა,

იის ხმით მოგეფერება,

მგალობელს,უსახლკაროსა.

* * *

მაღლა ცამ,დაბლა ქვეყანამ,

როგორ არ გაიხაროსა -

გულს,რომ პეშვივით შეუშვერ,

ციდან წამოსულ წყაროსა.

კომენტარის დატოვება