ანტუან ფრანსუა პრევო წერდა…
“როდესაც ზნეობრივ წესებს ჩაუფიქრდებით,შეუძლებელია არ გაგაოცოთ იმ გარემოებამ,რომ ერთსა და იმავე დროს ადამიანები მათ პატივითაც ეპყრობიან და კიდეც უგულვებელჰყოფენ.თავის თავს ეკითხები: რა არის ადამიანის გულის იმ უცნაური თვისების მიზეზი,რომ,კეთილისა და სრულყოფის იდეებით გატაცებული,იგი საქმით შორდება მათ.თუ გონიერი და კეთილად აღზრდილი ადამიანები ჩაუკვირდებიან,რა შეადგენს მათი ჩვეულებრივი საუბრის ან,თუნდაც მათი განმარტოებული ფიქრის საგანს,არ გაუძნელდებათ შენიშნონ,რომ ისინი თითქმის მუდამ ზნეობრივ მოსაზრებებს უტრიალებენ.თავიანთი ცხოვრების ყველაზე უტკბეს წუთებს ისინი ატარებენ ან განმარტოებულად,ან მეგობრებთან გულწრფელ საუბარში – სათნოების მომხიბვლელობაზე,მეგობრობის სიტკბოებაზე,ბედნიერების მისაღწევ გზებზე,ჩვენი ბუნების სისუსტეებზე,რომელიც გვაშორებს ამ ბედნიერებას, და ამის გამოსწორების საშუალებებზე.ჰორაციუსი და ბუალო ამგვარ მსჯელობაზე მიუთითებდნენ როგორც ერთ-ერთ შესანიშნავ თვისებაზე,რომელიც ბედნიერი ცხოვრების სახეს წარმოადგენსო. (ავტორი გენია.ჯი) მაშ რითი უნდა აიხსნას,რომ ჩვენი აზრების სიმაღლეებიდან ასე ადვილად დავეშვებით და უცებ დაბალ დონემდე დავალთ ხოლმე? შეიძლება ვცდებოდე,თუ ის მოსაზრება,რომელსაც აქ მოვიყვან,საკმაოდ ვერ ხსნის ჩვენს იდეებსა და ჩვენს ყოფაქცევას შორის არსებულ წინააღმდეგობას.საქმე ისაა,რომ ზნეობრივი წესები მხოლოდ გაურკვეველ და ზოგად პრინციპებს წარმოადგენენ,ამიტომ მეტად ძნელია მათი ზუსტი გამოყენება ამა თუ იმ ჩვეულებისა და საქციელის დროს.მოვიყვანოთ მაგალითი: კეთილშობილი პიროვნებანი ჰგრძნობენ,რომ მოკრძალება და ადამიანობა მიმზიდველი სათნოებაა და მზად არიან მისდიონ მათ,მაგრამ იმ წუთს,როდესაც საჭიროა მათი განხორციელება,ისინი ხშირად გაუბედავად უკან იხევენ.შესაფერია თუ არა ნამდვილად ეს შემთხვევა? რამდენად კანონიერი იქნება მივმართოთ სწორედ მათ? ხომ არა ვცდებით ამა თუ იმ პირის შესახებ? ათასი ეჭვი გვაჩერებს: გვეშინია სულელად არ ჩაგვთვალონ,როდესაც გვინდა ქველმოქმედი და გულუხვი გავხდეთ; ხასიათის სისუსტედ არ ჩამოგვართვან,როდესაც მეტისმეტ გულჩვილობასა და გრძნობიერებას ვიჩენთ; ერთის სიტყვით,იქნებ ან გადავაჭარბოთ,ან საკმაოდ ვერ შევასრულოთ მოვალეობა,რომელიც მეტად ბუნდოვნადაა გამოსახული ადამიანობისა და სათნოების ზოგადი ცნებებით.ასეთი გაურკვევლობის დროს მხოლოდ გამოცდილებას ან მაგალითს შეუძლია სწორად წარმართოს გულისთქმა.მაგრამ გამოცდილება არ არის ისეთი სიკეთე,რომელიც ყველას თავისუფლად ეძლევა,იგი იმ ათასნაირ გარემოებებზეა დამოკიდებული,რომელშიაც ადამიანი ბედის სურვილის მიხედვით ვარდება.ასე რომ,რჩება მარტო მაგალითი,რომელიც ზოგიერთს სახელმძღვანელოდ გამოადგება მათს ზნეობრივ ქცევაში”. (ავტორი გენია.ჯი)