დუჩო დი ბუონინსენიას მიერ დაწერილი ხატის “მაესტა”-ს შესახებ…
“მაესტა” (იტალიური ენიდან ითარგმნება,როგორც – “დიდება”) – წარმოადგენს სიენის სახვითი სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენლისა და გენიალური იტალიელი მხატვრის – დუჩო დი ბუონინსენიას (1260-1319 წლები) მიერ დაწერილ საკურთხევლის ხატს.აღნიშნული ხატი დღემდე მიიჩნევა იმ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქმნილებად იტალიური ხატწერის ისტორიაში,რომელმაც გზა გაუხსნა მრავალ მხატვრულ აღმოჩენას რენესანსის ისტორიულ-კულტურულ ეპოქაში.იტალიელ მხატვარს “მაესტა”-ს უნიკალური ხატის დაწერა ქალაქ სიენას ტაძრის წარმომადგენელმა – იაკოპომ (“შვილმა აწ გარდაცვლილი ჯილიბერტო მორისკორტისა”) შეუკვეთა და მასთან მეტად მნიშვნელოვანი კონტრაქტიც გააფორმა. (ავტორი გენია.ჯი) ხელშეკრულებაში დადებული სხვადასხვა პრაქტიკული მოთხოვნებისა,რომელიც ეხებოდა მხატვრის მიერ ჩასატარებელ მომავალ სამუშაოებს,შემკვეთი და შესაბამისად,კონტრაქტი,ბუინინსენიასაგან კატეგორიულად მოითხოვდა,რომ ხატი მხოლოდ და მხოლოდ მისი ხელით დაწერილიყო,ყოველგვარი თანაშემწეების გარეშე (როგორც ეს იმ პერიოდის სახვით ხელოვნებაში იყო დამკვიდრებული); მხატვარს ხატწერისას მაქსიმალურად უნდა გამოეყენებინა ის დიდებული ტალანტი,რომლითაც უფალმა დააჯილდოვა და დუჩოს არ ჰქონდა უფლება,სანამ ხატის დაწერას სრულყოფილად არ დაასრულებდა,სხვა რაიმე ნახატი შეექმნა.ზემოაღნიშნული ხელშეკრულების კეთილსინდისიერად შესრულებაზე კი,ბუონინსენიას – “სახარების” წინაშე მოუწია დაფიცება.რადგანაც მხატვარს ხატის დაწერის პერიოდში სხვა შემოსავლის წყარო არ ექნებოდა,მას კონტრაქტის თანახმად,ყოველდღიურ გასამრჯელოდ,იმ პერიოდისათვის საკმაოდ სოლიდური თანხა 16 სოლდო დაენიშნა.ხატის შესაქმნელად საჭირო საღებავების,ხის პანელებისა და ოქროს შესაძენ ფულში დუჩო შეზღუდული არ იყო.
ბუონინსენიამ – “მაესტა”-ს შექმნაზე მუშაობა 1308 წელს დაიწყო და მის სრულყოფას სრული სამი წელიწადი მოანდომა.შესაბამისად,ხატის სრულყოფა 1311 წელს დაასრულა.ავერსისა და რევერსის მხრიდან შესრულებული გრანდიოზული საკურთხევლის მოოქროვილი ხატის სიმაღლე 213 სანტიმეტრი,ხოლო სიგანე 396 სანტიმეტრი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) ერთ-ერთი ანონიმური წყაროს ცნობით,მას შემდეგ,რაც დუჩომ იაკოპოს ამცნო დასრულებული სამუშაოს შესახებ, 1311 წლის 9 ივნისი იტალიის ქალაქ სიენაში ნამდვილ ზეიმად იქცა.დაიკეტა ყველა საჯარო დაწესებულება,მათ შორის მაღაზიებიც კი.ეპისკოპოსი,უამრავი სასულიერო პირი,დიდგვაროვნები და სიენას უბრალო მოქალაქეები სანთლებით ხელში ირგვლივ შემოერტყა უნიკალური ოსტატობით დაწერილ ხატს და ასე მიაბრძანეს იგი სიენას ტაძარში.
შესრულებული სამუშაოსათვის,დუჩო დი ბუონინსენიამ კონტრაქტის თანახმად კოლოსალური თანხა – 3 000 ოქროს ფლორინი მიიღო გასამრჯელოდ.ასეთი დიდი თანხა კი მანამდე არც ერთ ევროპელ მხატვარს არ ჰქონდა ჰონორარის სახით აღებული ევროპული სახვითი ხელოვნების ისტორიაში.
დღესდღეობით,დუჩო დი ბუონინსენიას მიერ დაწერილი დიდებული ხატი – “მაესტა”,დაცულია სიენაში მდებარე “დელ ოპერა დელ დუომოს მუზეუმში”. (ავტორი გენია.ჯი)
“მაესტა”-ს რევერსი მხარე