შარლ დე გოლი – “ეპიზოდი”

1940 წლის 18 ივნისის საღამოს 6 საათზე,ფრანგი ხალხისათვის ჯერ კიდეც უცნობმა საფრანგეთის არმიის გენერალმა – შარლ დე გოლმა,ლონდონში განთავსებული BBC-ის რადიოსადგურის მეშვეობით მიმართა დამცირებული საფრანგეთის დამცირებულ და სასოწარკვეთილ მოქალაქეებს:

” …მრავალი წლის განმავლობაში,საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სათავეში მდგომმა ხალხმა გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენა ხელისუფლება და ვითომდა ჩვენი არმიების სრული მარცხის საბაბით,უკვე თავად ხელისუფლებაც მტერთან მოლაპარაკებაზე წავიდა – აქაოდა,შემდგომი უაზრო მსხვერპლის თავიდან ასაცილებლადო.ცხადია,მტრის მექანიზებულმა ძალამ ხმელეთზეც გვძლია და ჰაერშიც – მათი წარმატების საიდუმლო იმდენად ჭარბი რიცხოვნება არ იყო,რამდენადაც ტანკებისა თუ თვითმფრინავების ტაქტიკურად სწორად გამოყენება.სწორედ ამან დაგვახევინა უკან,მაგრამ განა უკვე ითქვა ბოლო სიტყვა? არა და არა!

მერწმუნეთ,საფრანგეთისთვის ჯერ არაფერია დაკარგული: სწორედ ის საშუალებები,რომლებმაც წელში გაგვტეხა,ერთ მშვენიერ დღეს გამარჯვებას მოგვიტანს,რადგან საფრანგეთი მარტო არ არის – მის გვერდით უდიდესი იმპერია დგას და შეგვიძლია,ჩვენი ძალისხმევა ბრიტანეთთან გავაერთიანოთ: ის ხომ ჯერაც ბატონობს ზღვებზე და არც ბრძოლის შეწყვეტაზე არ ფიქრობს! ინგლისივით,საფრანგეთსაც შეუძლია შეუზღუდავად გამოიყენოს ის უდიდესი ინდუსტრიული რესურსი,რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ფლობს.

ომი საფრანგეთისათვის ბრძოლით არ დამთავრებულა,რადგან ეს მართლაც მსოფლიო ომია – ვერანაირი გადაცდომა,ვერანაირი მარცხი და ვერანაირი ტანჯვა ვერ შეარყევს იმ რწმენას,რომ ჩვენს სამყაროში ყველა აუცილებელი საშუალება არსებობს იმისთვის,რომ ერთ დღესაც ჩვენი მტერი გავანადგუროთ.ახლა მტრის აღმატებული ჯავშანტექნიკით დათრგუნვილებს,ხვალ შეგვეძლება,აღმატებული ძალით მივაღწიოთ საწადელს! ესაა თანამედროვე სამყაროს არსი.

მე, ახლა ლონდონში მყოფი გენერალი დე გოლი,ყველა ფრანგ ოფიცერსა და ჯარისკაცს,შეიარაღებულსა და უიარაღოს,ვინც ან უკვე ბრიტანეთშია ან მომავალში აპირებს ჩამოსვლას,ერთი დროშის ქვეშ გაერთანებისაკენ მოვუწოდებ! ასევე,ყველა ინჟინერსა თუ გაწაფულ ხელოსანს ჩვენთან გაერთანებას ვთხოვ, და რაც უნდა მოხდეს,საფრანგეთის წინააღმდეგობის ცეცხლი არამც და არამც არ ჩაქრება – არ ჩაქრება და არც განელდება!”

შარლ დე გოლის გასაოცარი დამაჯერებლობით და ყოველგვარი ქედმაღლობით წარმოთქმულმა მიმართვამ ფრანგ ხალხში მტრის ოკუპაციისაგან თავდახსნის უდიდესი იმედი გააჩინა და იგი უმალვე აქცია საფრანგეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უპირობო ლიდერად.

შარლ დე გოლის ფრანგი ხალხისადმი მიმართვიდან რამდენიმე წუთში,ლონდონიდან ასეულობით კილომეტრით მოშორებულ ერთ-ერთი ფრანგული სოფლის სახლის კარი გაიღო და ოთახში აჩქარებული ნაბიჯით მღვდელი შეიჭრა. (ავტორი გენია.ჯი) თვალებში ფრანგ მღვდელს იმედისა და სიხარულის შუქი ჩასდგომოდა: “საოცარი რაღაც მოვისმინე ახლა რადიოში! – მიახარა მასპინძლებს, – “ლონდონიდან ერთი ფრანგი გენერალი ლაპარაკობდა… ასე თქვა,ჯერ არაფერი დამთავრებულა და ომიც ახლა მთელ მსოფლიოს მოედებაო! საფრანგეთის წინააღმდეგობის ალი არასოდეს განელდებაო – სწორედ ასე თქვა!”

- გენერლის გვარი არ გახსოვთ? – ჰკითხეს მღვდელს.

 - როგორ არა,გენერალი დე გოლიო,ასე გამოაცხადეს…

ჩია,მოხუცი ქალი უმალვე სკამიდან წამოხტა,მღვდელს მიეჭრა და ანაფორაში ჩააფრინდა:

- ეგ ჩემი შვილია! ჩემი შვილი! – ისეთი ხმით შესძახა შარლ დე გოლის დედამ – ჟანა მაიომ,რომ წამით გერმანელთა მოტორიზირებული კოლონის გრუხუნიც კი ჩაახშო.

დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, 1940 წლის 16 ივლისს,ქალბატონი ჟანა მაიო გარდაიცვალა.სავარაუდო არეულობების შიშით,გერმანელმა ოკუპანტებმა ეს ამბავი არ გაახმაურეს,თუმცა ცნობა გენერალი დე გოლის დედის გარდაცვალების შესახებ მაინც გავრცელდა.მისი ხსოვნისადმი პატივის მისაგებად ათასობით ფრანგი ქვეყნის უშორესი ადგილებიდანაც კი დაიძრა.ეს ნაკადი არც მისი დაკრძალვის შემდეგ არ შეწყვეტილა.შარლ დე გოლის დედის საფლავზე უამრავი თაიგულები მიეტანათ და იქიდან კენჭებიც კი მიჰქონდათ თან,როგორც წმინდა რამ რელიკვია.

ერთ-ერთმა ახალგაზრდა ბრეტონელმა მეთევზემ ყვავილებში ჩაფლულ საფლავს ფოტო გადაუღო,რის შემდეგაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად,ლა-მანშის სრუტე გადაცურა და სურათი ლონდონში მყოფ გენერალ დე გოლს ჩაუტანა.საფრანგეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი დედის საფლავის სურათის ნახვამ ერთობ დაამწუხრა,თუმცა უდიდესი იმედითაც აღავსო – “ფრანგი ხალხი მზად იყო თავისუფლებისათვის ბრძოლაში ჩასაბმელად!” (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>