ჯემალ აჯიაშვილი – “დახშული იყო ცა და მიწა”

დახშული იყო ცა და მიწა, – თითქოს ედემის

ბაღს მორღვეოდა შარავანდი, და მზე ჭიოტა

ხრჩოლავდა ნაშთად უღიმღამო შემოქმედების

და ღვთის ჭალებში ჯოჯოხეთის ლანდი ყიოდა.

* * *

თვლემდა სახლიც და სამოსახლოც,ეზოც,კედელიც

და სადაც ფოთლებს აჩქამებდა ფრთონვა სიოთა, -

სულს აუნჯებდა მოგონება ლურჯი ქედების

და მათ ადგილზე შემოდგომის ცრემლი ცვიოდა.

* * *

დუმდნენ ღმერთები – დუმდი,ჟამო,ჟამო ტიალო, -

ქრისტეს უხმობდა გატანჯული საქრისტიანო;

მიიქცეოდა უსასრულოდ ცოდვის მდინარე

და წყალს,რომელიც დღენიადაგ სადღაც მიტოპავს, -

ნოეს სიბერე აფიქრებდა ყოვლის წინარე

და უიმედოდ ატოკებდა გაშლილ კიდობანს…

კომენტარის დატოვება