ჩჟაო გაოს საინტერესო ექსპერიმენტი…
ჩჟაო გაო (ჩვ.წ.აღ-მდე III საუკუნე) – წარმოადგენდა ცინის დინასტიის საიმპერატორო კარის იმ მთვარ საჭურისს,რომელმაც განსაკუთრებული ოსტატობით დადგმული ურთულესი ინტრიგების შედეგად ხელში ჩაიგდო ქვეყნის ფაქტობრივი მმართველობა.ისტორიკოსთა ირწმუნებიან,რომ სწორედ მისმა ამაზრზენმა ქმედებებმა მიიყვანა ცინის ერთ დროს უძლეველი დინასტია საბოლოო კატასტროფამდე და დაღუპვამდე.მიუხედავად იმისა,რომ მას საჭურისად მოიხსენიებდნენ,ფაქტია,რომ ჩჟაო გაოს კასტრაცია არ ჩატარებია და მას თანდაყოლილი სექსუალური პრობლემები აწუხებდა.საყურადღებოა ის გარემოება,რომ სახელმწიფო ჩინოვნიკს – ჩჟაოს ჩადენილი ჰქონდა ისეთი უმძიმესი დანაშაული,რომ უცილობელ სიკვდილს იმსახურებდა,თუმცა იმპერატორის ცინ შიხუანდის პირადი ბრძანებით,შეწყალებული იქნა. (ავტორი გენია.ჯი) გარდა შეწყალებისა,მას აღუდგინეს ყველა ის უფლება-მოვალეობები,რომელიც დაკავებისას ჰქონდა ჩამორთმეული (ცინ შიხუანდი მას ღირსეულ ადამიანად და კარგ სახელმწიფო ჩინოვნიკად მიიჩნევდა,რამაც შეუნარჩუნა კიდეც გაოს სიცოცხლე).გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე,იმპერატორმა თავის მემკვიდრედ უფროსი ვაჟი – სუ ფუ დაასახელა და ანდერძი,რომელშიც აღნიშნული გადაწყვეტილება ეწერა,კანცელარიის ხელმძღვანელს ჩჟაოს გაუგზავნა,რომელსაც თავის მხრივ ცინ შიხუანდის ანდერძისათვის ბეჭედი უნდა დაესვა და შემდგომ ადრესატამდე გაეგზავნა.თუმცა,მან ანდერძის გაგზავნა რამდენიმე ხნით შეგნებულად შეაფერხა.
ინტრიგებში გაწაფული მთავარი საჭურისი და ლი სი (იმპერატორის მთავარი მრჩეველი),ცინ შიხუანდის გარდაცვალებას რამდენიმე ხნის მანძილზე არავის უმხელდნენ.მოგვიანებით,როდესაც იმპერატორის გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია,მათ გადააკეთეს ანდერძის ტექსტი და აწ გარდაცვლილი მონარქის მემკვიდრედ მისი უმცროსი ვაჟი – ერშუ ჰუანი გამოაცხადეს.ცინ შიხუანდის ყალბი ანდერძის თანახმად კი,ტახტის კანონიერ მემკვიდრეს სუ ფუსა და გენერალ მენ ტიაოს თვითმკვლელობის აქტის ჩატარებისაკენ მოუწოდეს. (ავტორი გენია.ჯი)
სწორედ ამ მოვლენების შემდეგ იგდო ხელში ძალაუფლება ცინის სამეფოს მთავარმა საჭურისმა ჩჟაო გაომ.მისი გავლენა ახლად ტახტზე ასულ იმპერატორზე იმდენად დიდი იყო,რომ იმპერატორისვე ბრძანებითა და ხელით დაიწყო თავისი მტრების განადგურება.მათ შორის გააწყვეტინა ცინის იმპერიის გუბერნატორთა და საიმპერატორო კარის დიდებულთა უმეტესობა.გარდა ამისა,მისივე ინტრიგებისა და წაქეზების შედეგად დასაჯეს საშინელი სიკვდილით,ერთ დროს მისი მოკავშირე ლი სიც.ნიშანდობლივია ისიც,რომ ჩჟაო გაომ არა მარტო ლი სი გაისტუმრა იმიერში,არამედ მისი ოჯახის სამი თაობაც კი სრულიად ამოწყვიტა.
ძვ.წ.აღ-ით 207 წელს ცინის იმპერიაში აჯანყება დაიწყო.მთავარი საჭურისი ვარაუდობდა,რომ ყოველი აჯანყებული პროვინციის დაკარგვაში იმპერატორი სწორედ მას დასდებდა ბრალს.იმისათვის,რომ სახელმწიფო გადატრიალება მოეწყო და სიცოცხლე შეენარჩუნებინა,აუცილებელი იყო დაედგინა თუ რა რაოდენობის დიდებულები უჭერდნენ მას მხარს.სწორედ ამიტომ განახორციელა ჩჟაო გაომ მეტად საინტერესო და უცნაური ექსპერიმენტი: ერთ დღეს მთავარი საჭურისი იმპერატორს ეახლა.ამ დროს იმპერატორთან თითქმის ყველა დიდებული იყო შეკრებილი.მან ბრძანა,რომ სასახლის დარბაზში ირემი შემოეყვანათ და როდესაც ირემი შემოუყვანეს,გაომ იმპერატორს იგი წარუდგინა არა როგორც ირემი,არამედ,როგოც – ცხენი.ერში ხუანს მის ნათქვამზე გულიანად გაეცინა და თქვა,რომ აღნიშნული ცხოველი ნამდვილად ირემი იყო და არა ცხენი.”შესაძლებელია თუ არა ჩემი მთავარი მრჩეველი ცდებოდეს მაშინ,როდესაც ირემს ცხენს უწოდებს?” – კითხვით მიმართა იმპერატორმა დიდებულებს.ის დიდებულები,რომლებიც იმპერატორის ერთგულები იყვნენ,რაღა თქმა უნდა აღიარეს გაოს შეცდომა,ხოლო ის დიდებულები,რომლებსაც საჭურისის განსაკუთრებული ერთგულება და შიში გააჩნდათ,განაცხადეს,რომ ჩჟაო გაო მართალი იყო.ინტრიგანმა და გონიერმა გაომ ამ ექსპერიმეტის ჩატარებით ძალიან კარგად დაინახა ის,რომ მისი მომხრე დიდებულების რიცხვი გაცილებით მეტი იყო,ვიდრე იმპერატორისა.ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება ემოქმედა და იმპერატორისათვის დარტყმა დაესწრო.იგი თავისი ერთგული მებრძოლებით შეიჭრა მის სასახლეში და ერშუ ჰუანი იძულებული გახადა სიცოცხლე სუიციდით დაესრულებინა.
მალევე,ჩჟაო გაოს ინიციატივით ტახტზე ავიდა ერშუ ჰუანის ახლო ნათესავი და ცინის დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი – ცზინი.თუმცა იგი უკვე ვეღარ აკონტროლებდა ჩინეთის მთელ ტერიტორიას.საინტერესოა ის გარემოება,რომ ამ ამაზრზენი ადამიანის ეშინოდათ არა მარტო ჩინელ დიდებულებს,არამედ თავად იმპერატორსაც კი.ამიტომ იგი ცდილობდა,როგორმე მოეძებნა საბაბი სიკვდილით დაესაჯა გათავხედებული საჭურისი. ძვ.წ.აღ-ით 207 წელს ცინის დინასტიის უკანასკნელმა იმპერატორმა საკუთარი ხელით განგმირა მისივე დინასტიის დამსამარებელი სახელმწიფო ჩინოვნიკი.ჩჟაო გაოს მკვლელობიდან 46 დღის შემდეგ,ცინის საიმპერატოო დინასტიამ საბოლოო შეწყვიტა არსებობა. (ავტორი გენია.ჯი)