მერილინ მონრო – “ეპიზოდი”
ჰოლივუდის ერთგვარ “ხატად” და მოდის იდეალად აღიარებული ულამაზესი ამერიკელი მსახიობი ქალი – მერილინ მონრო (ნამდვილი სახელი და გვარი – ნორმა ჯინ მორტენსონი),გარდა იმისა,რომ წარმატებული – ბიზნეს-ლედი იყო,მხატვრული ლიტერატურისა და პოეზიის დიდი მოყვარულიც გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ამისა,თაყვანისმცემლებს მისი ინტელექტუალური შესაძლებლობების მიმართ არც თუ ისე მაღალი წარმოდგენა ჰქონდათ (პრინციპში,დიდად არც აინტერესებდათ,რადგან მათ მონროს გარეგნული იერ-სახე უფრო იტაცებდათ),რაც მერილინს ხშირად დეპრესიაში აგდებდა.ერთ-ერთ ინტერვიუში ფრანგ ჟურნალისტთან – ჟორჟ ბელმონტთან,მონრომ განაცხადა: “დიახ,მე არ დამიმთავრებია უნივერსიტეტი,თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ჩემთვის თვითგანათლება მიმეღო.გავიარე ისტორიის სრული კურსი და წავიკითხე უამრავი ლეგენდარული მწერლის უკვდავი ნაწარმოები”.
მისი მეგობრების გადმოცემის თანახმად,მერილინს განსაკუთრებით უყვარდა დიდი ირლანდიელი მწერლისა და პოეტის – ჯეიმზ ჯოისის შესანიშნავი რომანი – “ულისე” და აღნიშნულ ნაწარმოებს ხშირად,ავტომობილის სალონითაც დაატარებდა.ცნობილია,რომ მერილინ მონროს საკმაოდ კარგი ბიბლიოთეკაც გააჩნდა საკუთარ სახლში.მის ბიბლიოთეკაში წარმოდგენილი იყო ისეთი დიდი მწერლებისა და პოეტების ნაწარმოებები,როგორებიც გახლდნენ – ჯონ მილტონი,სემუელ ბეკეტი,ჯეკ კერუაკი,ერნესტ ჰემინგუეი,გუსტავ ფლობერი,ჯიბრან ხალილ ჯიბრანი და სხვები.გარდა ამისა,გააჩნდა მრავალი ისტორიული თხზულება.მათ შორის აბრაამ ლინკოლნის ცხოვრების ექვსტომეულიც.სულ,საერთო ჯამში,ულამაზესი ამერიკელი მსახიობი ქალის ბიბლიოთეკა – 400 წიგნს ითვლიდა. (ავტორი გენია.ჯი)