სპარტელი მებრძოლების შესახებ…
ბრძოლის წინ სპარტის მეფე ყოველთვის სწირავდა მსხვერპლს მუზებს.ამით,როგორც ჩანს,იგი თანამემამულეებს ახსენებდა მიღებულ აღზრდას და სამშობლოს ადათებს,რათა ყოველგვარ განსაცდელს მომზადებული შეხვედროდნენ და ბრძოლის ჟამს სამრადისო ხსოვნის ღირსი მამაცური საქმეები ჩაედინათ.ბრძოლის წინ,ჩვეულებრივ,სასტიკ წესრიგს სადავეს მიუშვებდნენ და ახალგაზრდებს ამოსუნთქვის საშუალებას აძლევდნენ. (ავტორი გენია.ჯი) მათ ნებას რთავდნენ,დაევარცხნათ თმა,მორთულიყვნენ ტანსაცმლითა და იარაღით.უფროსი თაობის სპარტელები სიხარულით შესცქეროდნენ ახალგაზრდებს,რომლებიც ჰგავდნენ დარახტულ რაშებს,ბრძოლაში რომ ჭიხვინით მიიწევდნენ.
სპარტელები თავიანთ გრძელ თმას ყრმობის ასაკიდან გამოსვლისთანავე უვლიდნენ.მაგრამ განსაცდელის წინ კიდევ უფრო მეტ ყურადღებას აქცევდნენ,ნელსაცხებლით იპრიალებდნენ და შუაზე იყოფდნენ.მუდამ ახსოვდათ ლიკურგეს სიტყვები: გრძელი თმა ლამაზებს ამშვენებს,მახინჯებს კი უარესად ამახინჯებსო.
ლაშქრობის დროს სპარტელები უფრო ნაკლებ და მსუბუქად ვარჯიშობდნენ,შედარებით თავისუფალი ქცევისათვის ახალგაზრდა მეომრებს აღარ სჯიდნენ და სასტიკ პასუხს აღარ სთხოვდნენ.ამიტომაც შეიძლება ითქვას,რომ სპარტელები ერთადერთი მეომრები იყვნენ მთელ ქვეყანაზე,ვისთვისაც ომი ერთგვარ დასვენებას წარმოადგენდა.
როცა რაზმები მტრის პირისპირ დამწკრივდებოდა,მეფე მსხვერპლად შესწირავდა თხას და ბრძანებდა,ყველა მეომარს თავი გვირგვინით შეემკო.ამის შემდეგ მეფე ავლეტებს (ფლეიტაზე დამკვრელებს) დაავალებდა კასტორის (ზევსის ძის) სიმღერა დაეკრათ,თვითონ კი წამოიწყებდა სალაშქრო პეანს.ეს იყო დიდებული და თან ზარდამცემი სანახაობა.სპარტელთა ლაშქარი ფლეიტების ხმაზე მტკიცე ნაბიჯით მიეშურებოდა განსაცდელის შესახვედრად.ბუნებრივია,ასეთი ხალხის გულს არც შიში და არც რისხვა არ ეკარებოდა.ლაკედემონელთა რწმენა ღვთისაგან მონაბერი მტკიცე იმედითა და მხნეობით იყო სავსე.
მტერზე საიერიშოდ დაძრულ მეფეს გვერდით ედგა საზეიმო შეჯიბრებაში გამარჯვებული,გვირგვინით შემკული მეომარი.როდესაც სპარტელები გაიმარჯვებდნენ და მტერს უკუაქცევდნენ,მანამდე სდევნიდნენ,სანამ მოპოვებულ გამარჯვებას საბოლოოდ არ განიმტკიცებდნენ.მერე კი უკან გამობრუნდებოდნენ.დამარცხებული მტრის გაჟლეტას თავიანთვის შეუფერებელ და უზნეო საქმედ მიიჩნევდნენ: დამორჩილებული მტრის დაზოგვა არა მარტო კეთილშობილურ და დიდსულოვან,არამედ სასარგებლო საქმედაც მიაჩნდათ.შესაბამისად,სპარტელთა მტრებმა იცოდნენ,რომ ისინი მხოლოდ ჯიუტ მოწინააღმდეგეებს სპობდნენ,ხოლო დანებებულთ კი იბრალებდნენ,რის გამოც წინააღმდეგობას წყვეტდნენ კიდეც. (ავტორი გენია.ჯი)