ჩჟუ ჰოუჩჟაოს შესახებ…
ჩჟუ ჰოუჩჟაო (1491-1521 წლები) – წარმოადგენდა ჩინეთის რიგით მეათე იმპერატორს მინის დინასტიიდან,რომელიც გამოირჩეოდა ერთობ ოდიოზური და სახელმწიფოს მმართველისათვის შეუფერებელი საქციელებით.კონფუციანური განათლების მქონე ჩჟენდე (ჩჟუ ჰოუჩჟაოს მეორე სახელი) ტახტზე 14 წლის ასაკში ავიდა.მამამისისაგან განსხვავებით ახალგაზრდა იმპერატორი სახელმწიფო საქმეებს სრულ იგნორირებას უკეთებდა,რის გამოც ქვეყნის მართვა ხელში მისმა უახლოესმა საჭურისმა – ლიუ ცზინმა აიღო. (ავტორი გენია.ჯი) საჭურისის ინიციატივით საიმპერატორო სასახლის კარზე ჩამოყალიბებული იქნა საჭურისებისაგან შემდგარი მმართველობითი საბჭო,სახელწოდებით – “რვა ვეფხვი”.საჭურისების მმართველობამ ჩინეთი საშინელი კორუფციის,ქაოსისა და უკანონობის ჭაობში ჩააფლო.გარდა ამისა,სრულიად იქნა განადგურებული სასამართლო სისტემაც.ქვეყანაში შექმნილმა ამ უმსგავსო მდგომარეობამ დიდი აღშფოთება გამოიწვია საიმპერატორო სასახლის კარზე მოქმედ – “ჰანლილის აკადემიის” სწავლულებში,რომლებიც ცდილობდნენ რომ როგორმე წინ აღდგომოდნენ გაბატონებული საჭურისის – ლიუ ცზინის ქვეყნისათვის საზიანო ქმედებებს.თუმცა,ინტრიგებით სახელგანთქმულმა საჭურისმა მათი პროვოცირება შესძლო და ისინი იმპერატორის წინააღმდეგ შეთქმულებაში დაადანაშაულა.შედეგად ჩჟუ ჰოუჩჟაოს ბრძანებით,ჩინელი სწავლულები და ქვეყნის გულშემატკივრები – სიკვდილით დასაჯეს.ამ მოვლენამ კი მნიშვნელოვნად დააზიანა სამეფოს ადმინისტრაციული აპარატის მუშაობა.იმ ფონზე,როდესაც ჩინეთი აჯანყებებმა მოიცვა,ოდიოზი იმპერატორი “ბორდელებში” რჩეული ქალების ასარჩევად დადიოდა.სასახლის ტერიტორიაზე ააგო ეგზოტიკური ცხოველებისაგან დაკომპლექტებული ზოოპარკი,სადაც იგი ხშირად დადიოდა თავის მრავალრიცხოვან საყვარლებთან ერთად.ჩჟენდე თავის ქვეშევრდომებს ზოოპარკის გალიების კარებების გაღებას უბრძანებდა,რის შემდეგაც გარეულ მხეცებზე ზოოპარკის ტერიტორიაზევე ნადირობდა და ამით იწონებდა საყვარლების წინაშე თავს.ისტორიკოსთა ცნობების თანახმად,მინის საიმპერატორო დინასტიის დაცემის დასაწყისი სწორედ ჩჟუ ჰოუჩჟაოს უგუნურმა და არასახელმწიფოებრივმა ქმედებებმა განაპირობეს. 1518 წელს იმპერატორმა გადაწყვიტა ერთ-ერთი აჯანყებულ რეგიონში ელაშქრა და თავი გენერლად გამოაცხადა.სათავეში ჩაუდგა არმიას და ცზიანსის რეგიონისაკენ დაიძრა.თუმცა,როდესაც ადგილზე მისულმა შეიტყო,რომ აჯანყების ხელმძღვანელი უკვე დაკავებული იყო და შესაბამისად აჯანყებაც დამარცხებული,ერთობ განრისხდა,რადგან მან თავის ქვეშევრდომებს თავისი გმირობისა და სიმამაცის დამამტკიცებელი მაგალითი ვერ უჩვენა.ამიტომ მიიღო მეტად უცნაური და ამაზრზენი გადაწყვეტილება და დაკავებული აჯანყების უბედური მეთაური გაანთავისუფლა.რის შემდეგაც მასზე,ისევე როგორც გარეულ ნადირზე,ნამდვილი ნადირობა გამოაცხადა. 1521 წლის 20 აპრილს ჩინეთის პარანორმალური იმპერატორი ჩჟუ ჰოუნჩჟაო გარდაიცვალა ინფექციის შეჭრის შედეგად.აღნიშნული ინფექცია კი,ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფს არხში გადავარდნისა და სხეულის დასახიჩრების შედეგად განუვითარდა.იგი ისე აღესრულა,რომ შთამომავლობა არ დარჩენია (შვილები ადრეულ ასაკში დაკარგა),ამიტომ ანდერძად დაიბარა,რომ სახელმწიფოს მართვა ეგრეთ წოდებულ “შიდა სასახლის კაბინეტს” (ნეიგეს) აეღო საკუთარ თავზე.თუმცა მისი ანდერძი არავის გაუთვალისწინებია და ჩინეთის საიმპერატორო ტახტი მისმა ბიძაშვილმა – ჩჟუ ჰოუნცუნმა დაიკავა. (ავტორი გენია.ჯი)