უილიამ ჰოგარტი – “სისასტიკის ოთხი ხარისხი”

“სისასტიკის ოთხი ხარისხი” – წარმოადგენს გენიალური ინგლისელი მხატვრის,ილუსტრატორისა და სატირული ჟანრის მქონე გრავიურების ოსტატის – უილიამ ჰოგარტის (1697-1764 წლები) მიერ აღმზრდელობითი მოტივით შექმნილ,ოთხი გასაოცარი გრავიურის სერიისაგან შემდგარ შედევრ-გრავიურებს,სადაც თითოეულ გრავიურაში ასახულია მის მიერვე გამოგონილი პერსონაჟის ტომ ნერონის ცხოვრების ოთხი უმნიშვნელოვანესი ეპიზოდი. (ავტორი გენია.ჯი) ოთხივე გრავიურა ჰოგარტის მიერ დახატული იქნა 1751 წელს.მხატვრის უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა,რომ მისი გრავიურები შედარებით დაბალი სოციალური სტატუსის მქონე ადამიანებს სხვადასხვა ტავერნებისა და სახელოსნოების კედლებზე ეხილათ,რადგან მათ კარგად გაეთავისებინათ,რომ იმ პერიოდის ლონდონში ერთობ გავრცელებული სენი – ცხოველებისადმი სასტიკად მოპყრობისა,ყოვლად დაუშვებელი ქმედება იყო.შესაბამისად,უილიამის მიერ დახატული სურათები განსაზღვრული სწორედ მათთვის იყო.აღნიშნული გრავიურების სერიებში ასახული გახლავთ მხატვრის მიერ შეთხზული დამნაშავის – ტომ ნერონის მიერ ცხოველებისადმი გამოჩენილი სასტიკი ქმედებები,რაც ესოდენ აღაშფოთებდა ხელოვანს.როგორც ცნობილია,ცხოველებისა და ფრინველების მოყვარულ გენიალურ მხატვარს საკუთარი ავტოპორტრეტი თავისი უსაყვარლესი მოპსის ჯიშის ძაღლთან ერთად აქვს დახატული 1745 წელს.გარდა ამისა,ცნობილია,რომ ჩიზიკში მდებარე საკუთარი სახლის ეზოში ჰოგარტს თავისი შინაური ცხოველების – ძაღლებისა და ფრინველების სასაფლაოც კი ჰქონდა მოწყობილი,რაც ხაზს უსვამს იმას,რომ უილიამი საზოგადოებას თავისი გრავიურებით მოუწოდებდა ცხოველებს ჰუმანურად მოპყრობოდნენ და აფრთხილებდა კიდეც,რომ თუკი ისინი ცხოველების მიმართ სასტიკ მოპყრობას განაგრძობდნენ,ისინი თავადაც სასტიკად დაისჯებოდნენ.

“სისასტიკის პირველი ხარისხი”-ს გრავიურაზე ასახულია ძაღლის წამების ამაზრზენი სცენა,რომელსაც ტომ ნერონი სხვა ბავშვებთან ერთად ანხორციელებს.საყურადრებოა ის გარემოებაც,რომ უილიამს ტომისათვის შემთხვევით არ შეურჩევია ნერონის გვარი,რადგან ისტორიულად,ნერონი გახლდათ რომის სისასტიკით სახელგანთქმული იმპერატორი,რომლითვისაც დამახასიათებელი გახლდათ არაადამიანური საქციელები.სურათზე გაკეთებულია წარწერა,რომელიც გვაუწყებს,რომ აღნიშნული გრავიურა მართლაც უილიამ ჰოგარტის მიერ არის შექმნილი. (ავტორი გენია.ჯი)

“სისასტიკის მეორე ხარისხი”-ს გრავიურაზე გამოსახულია მოზრდილ ასაკში მყოფი ნერონი,რომელიც მათრახით გამეტებით სცემს თავის წაქცეულ და დაღლილ ცხენს,რომელიც მას წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა.გრავიურას თუკი კარგად დავაკვირდებით,დავინახავთ მათრახის ცემისაგან დასახიჩრებულ ცხენს,რომელსაც დასისხლიანებული თვალი ამოგდებული აქვს. (ავტორი გენია.ჯი)

“სისასტიკის მესამე ხარისხი”-ს სიუჟეტში ასახულია ის,რომ ცხოველების მიმართ განხორციელებული ამაზრზენი ქმედებები ნერონს ადამიანების ძარცვასა და მკვლელობებში გადაეზარდა.მან სასიკვდილოდ სცემა თავისი ფეხმძიმე საყვარელი – ენ გილი.მას შემდეგ,რაც ტომმა გაძარცვა გოგონას დიასახლისი და გაიქცა,გზაში სრულიად შემთხვევით შემოხვდა ენი,რომელიც მიუხვდა მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.სწორედ ამიტომ,ნერონმა განსაკუთრებული სადიზმით გამოასალმა იგი სიცოცხლეს: გადაუმსხვრია საჩვენებელი თითები და ორივე მაჯა.ტომი მიერ მოპარული პატარა სკვირი კი გარდაცვლილი გოგონას გვერდზე დევს.იქვეა სკივრიდან გადმოვარდნილი ლოცვების წიგნი,რომელსაც აწერია: “ღმერთი შურს იძიებს მკვლელობისათვის”.მიწაზე დაგდებული გოგონას გადამსხვრეული თითი კი სწორედ აღნიშნული წარწერისკენ არის მიმართული. (ავტორი გენია.ჯი) გრავიურის დეტალები ერთობ ღრმა შინაარსისა და დრამატული ატმოსფეროს მატარებელია.

“სისასტიკის მეოთხე ხარისხი”-ს გრავიურაზე გამოსახულია სიკვდილით დასჯილი ტომ ნერონის საშინლად დასახიჩრებული ცხედარი (იგი ჩამოხრჩობილი იქნა საჯაროდ),რომლის შიგნეულობასაც ქირურგები ანატომიის შესწავლის მიზნით ეცნობიან.იქვე მყოფი ძაღლი კი ნერონის ნაწლავებით იკვებებბა.სურათზე კარგად არის აღბეჭდილი იმ პერიოდის ინგლისის სამეფო ქირურგიული კოლეჯის ხელმძღვანელი – ჯონ ფრეკე,რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ასეთი საჯარო სახით ცხედრის გაკვეთის პროცედურებს.თუმცა,ნიშანდობლივია ის ფაქტი,რომ ტომ ნერონის შემთხვევაში (რომლის მიერ სიცოცხლეში ჩადენილმა ქმედებებმაც იგი განსაკუთრებით შეაძრწუნა) აღნიშნული ქმედების გამო არც პროტესტი გამოუთქვამს და თავადაც დაესწრო მისი გვამის დაჭრა-დანაკუწებას.აღნიშნული გრავიურით უილიამმა კაცთა მოდგმას მიანიშნა,რომ ცხოველების მიმართ გამოჩენილი სასტიკი ქმედებები ადრე თუ გვიან – ადამიანებისადმი მიმართულ ბარბაროსულ ქმედებებში გადაიზრდება,რაც თავის მხრივ არასოდეს რჩება დაუსჯელი.

დიდი ინგლისელი მხატვრის ღრმა შინაარსის მატარებელმა გრავიურებმა ყველაზე სახელგანთქმული ინგლიელი კრიტიკოსების დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. (ავტორი გენია.ჯი)

“სისასტიკის პირველი ხარისხი”

“სისასტიკის მეორე ხარისხი”

“სისასტიკის მესამე ხარისხი”

“სისასტიკის მეოთხე ხარისხი”

“უილიამ ჰოგარტის ავტოპორტრეტი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>