ფლავიუს პეტრონიუს მაქსიმუსის შესახებ…
ფლავიუს პეტრონიუს მაქსიმუსი (399-455 წლები) – წარმოადგენდა რომის იმპერატორს (455 წლის 17 მარტიდან 31 მაისის ჩათვლით),რომელმაც ხელისუფლებაში მოსვლამდე შესანიშნავი სენატორის კარიერა შეიქმნა. VI საუკუნის ბიზანტიელი ჟამთააღმწერელის – პროკოპი კესარიელის ცნობების თანახმად,მაქსიმუსს ულამაზესი ქალი,სახელად – ლუცინა ჰყოლია ცოლად,რომელზეც თვალი დაუდგამს დასავლეთ რომის იმპერატორს – ფლავიუს პლაციდიუს ვალენტინიანე III-ს.მიუხედავად მრავალი შეთავაზებისა,ქალმა იმპერატორთან საქმის დაჭერაზე კატეგორიული უარი განაცხადა.სწორედ ამის შემდგომ გადაწყვიტა ვალენტიანიანემ ლუცინას მოტყუებით ხელში ჩაგდება.
ერთ დღეს,იმპერატორმა მაქსიმუსი სასახლეში მიიწვია და ჭადრაკის თამაში შესთავაზა.წინდაწინ კი დადეს პირობა,რომ დამარცხებული გარკვეული რაოდენობის თანხას გადაიხდიდა ოქროთი.ვალენტინიანემ გაიმარჯვა.იმისათვის,რომ დამარცხებულს დათქმული აღესრულებინა,იმპერატორმა მაქსიმუსის სახლში თავისი შიკრიკი აფრინა.თუმცა შიკრიკს დააბარა,რომ საიმპერატორო სასახლეში ლუცინას თავისი ქმარი იმისათვის უხმობდა,რომ დედოფალ ლიცინია ევდოქსიასათვის თაყვანი ეცა.ქალმა შიკრიკის სიტყვები დაიჯერა და გარყვნილი იმპერატორის სასახლეში მივიდა,სადაც იგი ვალენტინიანეს მიერ იქნა გაუპატიურებული.სახლში დაბრუნებულმა ქალმა თავს გადამხდარი საშინელი ისტორია მაქსიმუსს მოუყვა.თავდაპირველად შეურაცხყოფილი და მიწასთან გასწორებული ქალი,თავის ქმარს სდებდა ღალატში ბრალს,თუმცა მას შემდეგ,რაც მან ფიცი დადო ლუცინას წინაშე,რომ განსაკუთრებული სისასტიკით იძიებდა შურს,დარწმუნდა რომ ამ ამაზრზენ ქმედებაში მაქსიმუს ბრალი არ მიუძღოდა. (ავტორი გენია.ჯი) იოანე ანტიოქელის ცნობით,მაქსიმუსი ძალიან კარგად აცნობიერებდა,რომ იმპერატორზე შურისძიების აქტს ვერ განახორციელებდა მანამ,სანამ ცოცხალი იქნებოდა ვალენტინიანეს უერთგულესი სარდალი და მძახალი – ფლავიუს აეციუსი.ამიტომ მაქსიმუსმა პირველად სწორედ მისი განადგურება გადაწყვიტა.მის მიერ გადაბირებული იმპერატორის ერთგული და ნდობით აღჭურვილი საჭურისი – ჰერაკლიუსი,რომელმაც ვალენტინიანე დაარწმუნა იმაში,რომ ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად მისი მძახალი სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებდა.აეცეუსში დაეჭვებულმა იმპერატორმა 454 წლის 12 სექტემბერს ფლავიუსი სასახლეში გამოიძახა და საკუთარი ხელითა და ჰერაკლიუსის დახმარებით განგმირა.საყურადღებოა ის პასუხი,რომელიც აღნიშნული მკვლელობის შემდეგ უთხრა იმპერატორს მასთან დაახლოებულმა ერთ-ერთმა დიდებულმა: მას შემდეგ,რაც ვალენტინიანემ მას ჰკითხა თუ როგორი ოსტატობით იყო შესრულებული აეციუსის მკვლელობა,მისგან ასეთი პასუხი მიიღო: “მე არ ვიცი როგორი ოსტატობით იყო მისი მკვლელობა შესრულებული,თუმცა-კი შესანიშნავად ვიცი,რომ ამ მკვლელობით თქვენ მარცხენა ხელით მარჯვენა ხელი მოიკვეთეთო”. და ამაში სრული ჭეშმარიტება ჟღერდა,რადგან სწორედ ამ მოვლენამ მოუხსნა ყველაზე დიდი დაბრკოლება მაქსიმუსს შურისძიებისაკენ მიმავალ გზაზე.
ნიშანდობლივია ისიც,რომ აეციუსის მკვლელობის შემდეგ,ვალენტინიანემ სათითაოდ გაანადგურა ის ადამიანები,რომლებიც აეციუსთან მეგობრობდნენ.შესაბამისად,იმპერატორმა თავისივე ხელით გამოასალმა წუთისოფელს ის ერთგული ხალხი,რომლებზეც იდგა მისი ძალაუფლება. 455 წელს იმპერატორი რამდენიმე მცველთან ერთად მარსის ველზე გავიდა.მის წინააღმდეგ შეთქმულებმა,მათ შორის პირადმა მცველებმაც,რომელთაც შურისძიების გრძნობით ანთებული მაქსიმუსი ხელმძღვანელობდა (თუმცა მკვლელობაში თავად არ მონაწილეობდა) – ვალენტინიანე ხმლებით განგმირეს.მასთან ერთად მოკლული იქნა ჰერაკლიოსიც.
საიმპერატორო ტახტზე ფლავიუს პეტრონიუს მაქსიმუსს კონკურენტი აღარ გააჩნდა და როდესაც იმპერატორად იქცა,გადაწყვიტა მოკლული ვალენტინიანესათვის კიდევ ერთხელ მიეზღო სამაგიერო.მისივე გადაწყვეტილებით,აწ გარდაცვლილი მტრის მეუღლე – ლიცინია ევდოქსია ცოლად შეირთო.რამდენიმე ხანში მაქსიმუსმა დაუშვა უპატიებელი პოლიტიკური შეცდომა და მან ვანდალების მეფესთან – გაიზერიხთან გააუქმა ვალენტინიანეს სიცოცხლეში მათთან დადებული პირობა,რომლის მიხედვითაც ევდოქსიას ქალიშვილი გაიზერიხის ვაჟს – ჰუნერიხს უნდა შეერთო.ეს ამბავი ვანდალების მეფეს თავად ევდოქსიამ შეატყობინა. და დაიძრა კიდეც რომაელთაგან შეურაცხყოფილი და გაბითურებული გაიზერიხის არმია “მარადიული ქალაქისაკენ”.აღნიშნულმა მოვლენამ რომაელთა შორის იმდენად დიდი შიში და უკმაყოფილება გამოიწვია,რომ მათ თავიანთივე ხელით განგმირეს მაქსიმუსი (ქვებით ჩაქოლეს),შემდეგ კი მისი დასახიჩრებული ცხედარი მდინარე ტიბრში გადააგდეს.ვანდალებს ქალაქის კარიბჭესთან დახვდა რომის პაპი ლეო I,რომელმაც მათ რომის გადაწვა და რომაელი მოქალაქეების განადგურებაზე ააღებინა ხელი.თუმცა,ვანდალები ორი კვირის განმავლობაში პირწმინდად ძარცვავდნენ ქალაქს.ლიცინია ევდოქსია და მისი ქალიშვილი კი მათ მიერ კართაგენში იქნენ გადაყვანილნი,სადაც დათქმული ქორწინება მაინც შედგა.მალევე რომის იმპერია დაეცა… (ავტორი გენია.ჯი)
ფლავიუს პლაციდიუს ვალენტინიანე III
ლიცინია ევდოქსია