უილიამ შექსპირი – “სონეტი LXXIII”

დრომ გადათელა ჩემი სული მძიმე ფლოქვებით,

დრომ ღამის მეკვლედ მომიქცია ცისკრის ტოროლა

და შემოდგომის მოღწეული ხმელი ფოთლები

საფარფატოდღა დამიტოვა თითო-ოროლა.

* * *

მიტომაც ხედავ ჩემს მზერაში სოცოცხლის დამლევს,

ჩემს წუთისოფელს ჩამავალ მზეს მიტომ ადრიან,

გარდაცვალების მოციქულად მოვლენილ ღამეს

მიტომ ვუმზადებ საბრძანებელს დილაადრიან.

* * *

მიტომაც ვდგავარ დროის ფერფლით გარსმოხვეული,

მიტომ მამსგავსებ სიყმაწვილის მიმქრალ ორეულს,

მშიერი მიწის საკვებადღა შემრჩა სხეული

და მიტომ ვგავარ მე სიკვდილით ვნებამორეულს.

* * *

და რადგან ასე დავრდომილს და დღემოკლეს მხედავ,

მე შენს სიყვარულს უფრო ძლიერ ამიტომ ვბედავ!

კომენტარის დატოვება