გიორგი გაჩეჩილაძე – „ნოდარ დუმბაძის შესახებ”

„ისევე როგორც ამერიკულ ლიტერატურაში მარკ ტვენმა და ჰემინგუეიმ შექმნეს მითი დაკარგული სამოთხის შესახებ და ჰეკლბერი ფინის, ტომ სოიერის და ნიკ ადამსის თავგადასავლით გვიჩვენეს, თუ როგორ იქცევა ცხოვრების ჯოჯოხეთურ გამოცდილებასთან ზიარება ბავშვობის უზრუნველ სამოთხესთან განშორების დრამად, ნოდარ დუმბაძემ შექმნა ქართული ყოფის დრამატულ გამოვლინებებთან ნაზიარებ ყმაწვილთა სახეების გალერეა…

მსოფლიოს აუდიტორიაში რომ ნოდარ დუმბაძის ერთდროული კითხვის ფანტასტიკური სეანსი წარმოვიდგინოთ და ამ სიცილის ერთად შეკრებილი ხმა და ენერგია გავიანგარიშოთ, თავისი აფეთქების ძალით, ეს სიცილი, ალბათ, თერმულ აფეთქებებს დაემსგავსებოდა.

მაგრამ შეცდომა იქნებოდა ვინმეს ეფიქრა, თითქოს ნოდარ დუმბაშის გმირები მხოლოდ ენერგიის სიჭარბისაგან ცხოვრებისეული კეთილდღეობის ტკბობის გამო იცინოდნენ. არა, მათი სიცილი, ძალიან ხშირად, სიმწარესთანაა გაზავებული.

ამდენად სიცილს ნოდარ დუმბაძემ მსოფლმხედველობრივი ფუნქცია დააკისრა. სიცილი მისი სტილის განუყოფელ ნაწილად იქცა.

ზოგჯერ სიცილს აკისრებდა პერსონაჟთა ინდივიდუალური მახასიათებლების გამოაშკარავების ფუნქციას. ასეთ დროს მისი სიცილი ადამიანის სულისა და ხასიათის მაპროვოცირებელ მნიშვნელობას იძენს.

არსებობს სხვადასხვა დონის, ხასიათის და დანიშნულების სიცილი: სარკასტული და კეთილგანწყობილი, იქედნური და მიმტევებელი, ირონიული და სტიქიური… ნოდარ დუმბაძე სიცილის ყველა რეგისტრების ვირტუოზი იყო. ის იყო სიცილის ჭეშმარიტი მაესტრო”… (ავტორი გენია.ჯი)