ლუციუს კორნელიუს სულა ფელიქსის მოკლე დახასიათება…
საყოველთაოდ ცნობილი რომაელი მხედართმთავარი და დიქტატორი – ლუციუს კორნელიუს სულა ფელიქსი - დაიბადა ქრისტესშობამდე 138 წელს,ძველ არისტოკრატიულ პატრიციულ ოჯახში.მისი წინაპრები თითქმის არასოდეს არ ბრწყინავდნენ სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწეობით. (ავტორი გენია.ჯი) უკანასკნელ ხანს კორნელიუს სულას გვარი სულ დაკნინდა და დაღარიბდა.ლუციუს სულამ ბავშვობა სიღარიბეში გაატარა.ჭაბუკობისას ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.ის არაფერს ერიდებოდა,ოღონდ კი ბედისგან აკიდებული ხელმოკლეობისაგან თავი დაეხსნა.მომხიბლავი და დარდიმანდი ვაჟკაცი კარგად იყენებდა ქალთა თავშეუკავებელ თაყვანისცემას,მეტადრე თუ მისი სიყვარულის მაძიებელი სიმდიდრის პატრონი იყო.”რომაელი დონ-ჟუანი” დიდხანს ცხოვრობდა ვიღაც მდიდარი როსკიპის ხარჯზე,რომელიც მისთვის მზრუნველი “დედინაცვალიც” იყო და ვნებიანი სატრფოც.სულას მთელი ცხოვრება ბოჰემა და ბაქკანალია იყო.მთელს რომში იცოდნენ მისი საეჭვო ურთიერთობანი საზოგადოების ყველაზე ბნელ წრეებთან.იცნობდნენ მის ღამეულ თავგადასავლებს ყველაზე ბოროტმოქმედ ნაძირლებთან მონაწილეობით.მისი მეგობრები იყვნენ მსახიობები,ჯამბაზები,ტაკიმასხარები,მომღერალი და მოცეკვავე ქალნი და კაცნი,რომელთა შორის თვითონაც ჯამბაზობდა,ლაზღანდარობდა,ცეკვავდა,მღეროდა,ვითარცა დიონისე-ბაკხუსი,სატირებით გარშემორტყმული. (ავტორი გენია.ჯი)
იმავე დროს,სულა იყო თავისი დროისთვის განათლებული ადამიანი,მახვილგონიერი და ენაწყლიანი ორატორი.ბრწყინვალედ ფლობდა მაღალ ბერძნულ კულტურას,პოეზიას,ხელოვნებას,ფილოსოფიას.მას ჰქონდა დიდი უნარი ბრძნული აზროვნებისა.იყო თავდადებული მეგობარი მეგობრისათვის და უაღრესად შეუპოვარი და დაუნდობელი მტერი მტერთათვის.იგი ადვილად ითვისებდა ყველაფერს,რაიც სხვისთვის ძნელი დასაძლევი ჩანდა.შეეძლო ადამიანების მოხიბვლა და გულის მოგება.მისი ბუნება ერთდროულად ითვისებდა მძვინვარე შემართებასაც და ჩაუწვდომელ ცბიერებასაქც.სწორედ ამიტომ ამბობდნენ მასზე: “სულა ერთდროულად არის ლომიც და მელაც – აქვს ლომის მძვინვარება და მელას ცბიერებაცო”.მას საოცრად სწამდა თავისი “ბედის ვარსკვლავის” და მუდამ სჯეროდა,რომ ყველა საქმეში გაიმარჯვებდა. და მართლაც,იგი არასოდეს დამარცხებულა… მან გაიმარჯვა ყველა პოლიტიკურ ბრძოლაში,გაიმარჯვა ყველა საომარ შერკინებაში,რამაც განაპირობა კიდეც მის მეტსახელად – “სულა ბედნიერი”-ს წოდება. (ავტორი გენია.ჯი)