ჯონ ევერეტ მილე – “ქრისტე მშობლების სახლში”
“ქრისტე მშობლების სახლში” – წარმოადგენს გენიალური ინგლისელი პრერაფაელისტი მხატვრის – ჯონ ევერეტ მილეს (1829-1896 წლები) მიერ ტილოზე ზეთის საღებავების გამოყენებით დახატულ იმ დიდებულ სურათს,რომელმაც იმთავითვე დიდი რეზონანსი და მწვავე კრიტიკა გამოიწვია საზოგადოებაში ტილოზე ასახული გადაჭარბებული რეალიზმის გამოისობით.აღნიშნულ ნამუშევარზე მუშაობა ევერეტმა 1850 წელს დაიწყო და იმავე წელს დაასრულა.სურათის სიმაღლე 86,3 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 139,7 სანტიმეტრი.საყურადღებოა ის გარემოება,რომ დიდი ინგლისელი მხატვრის შემოქმედება,ისევე როგორც სხვა პრერაფაელისტი მხატვრებისა,არც თუ ისე მდიდარია რელიგიური ჟანრის შემცველი სიუჟეტებით. (ავტორი გენია.ჯი) შესაბამისად,”ქრისტე მშობლების სახლში” ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისია მილეს შემოქმედებაში და როგორც წესი,მასში მრავლად გვხვდება სხვადასხვა სახის სიმბოლოები.მაგალითად,ტილოს უკანა ფონზე გამოსახული კიბე ასოცირდება – იაკობის კიბესთან,რომელიც თავის მხრივ მიწიერ და ზეციურ სამყაროებს აკავშირებს ერთმანეთთან.გარდა ამისა,თუ სურათს კარგად დავაკვირდებით,დავინახავთ კიბეზე ჩამომჯდარ მტრედს,რომელიც – სულიწმინდის ამსახველია; კედელზე ჩამოკიდებული სამკუთხედი – წმინდა სამებასთან ასოცირდება; ცხვრები – უდანაშაულო მსხვერპლთან; წყლიანი თასი – ქრისტეს ნათლისღებასთან,ხოლო პატარა იესოს იარა,სისხლი და ლურსმნები – უფალი ჩვენი იესო ქრისტეს ჯვარცმასთან.
ჯონ ევერეტ მილემ ტილოზე გამოსახა იესო ქრისტეს ბავშობის ერთ-ერთი ეპიზოდი: სურათის წინა პლანზე,ხუროს მაგიდასთან მუხლებზე მდგომი წმინდა მარიამი დიდი თანაგრძნობითა და ტკივილით სავსე თვალებით უმზერს თავის ძეს,რომელმაც ეს-ესაა დედას აჩვენა ხელზე მიღებული იარა,რომელიც ძალიან ჩამოჰგავს – სტიგმატს.ცხადია,რომ იესომ ჭრილობა იმ ლურსმნის მეშვეობით მიიღო,რომლის ამოღებასაც ხუროს მაგიდიდან ცდილობს წმინდა ანა.მაგიდასთან მდგომი იესოს მიწიერი მამა – იოსებ დამწმინდველი თავის დამხმარესთან ერთად კვლავაც სამუშაოთია დაკავებული.პატარა იოანე ნათლისმცემელს კი ქრისტესათვის წყლით სავსე თასი მიაქვს.სახელოსნოს კარების უკან ცხვრების გამოსახულებებია აღბეჭდილი. (ავტორი გენია.ჯი)
რადგანაც მხატვარმა ტრადიციული ბიბლიური სცენა რეალური ცხოვრების სახით ასახა (ხუროს ფიგურად მამამისი წარმოგვიდგინა),ხოლო “წმინდა ოჯახი” – ჩვეულებრივი ადამიანების შრომის სახით წარმოადგინა,ტილო უმალვე მოექცა მწვავე კრიტიკის ქვეშ.დიდმა ინგლისელმა მწერალმა ჩარლზ დიკენსმა მილეს ნამუშევარს – “მდარე ხარისხის,ამაზრზენი და საზიზღარი” უწოდა; პოპულარულმა ინგლისურმა ჟურნალმა – “ტაიმსმა” კი იგი – “აღმაშფოთებელ ტილოდ” და “ხელოვნების ბუნტად” მოიხსენია.”ქრისტე მშობლების სახლში” იმდენად დიდი რეზონანსის გამომწვევი გახდა,რომ მისით თავად გაერთანებული სამეფოს დედოფალი ვიქტორია დაინტერესდა.მან მოითხოვა,რომ მილეს ტილო ბუკინგემის სასახლეში გადაეტანათ,რათა თავადაც შეესწავლა და შეეფასებინა ევერეტის მიერ დახატული ქმნილება.მიუხედავად უამრავი კრიტიკისა,სურათს მეხოტბეებიც გამოუჩნდა.მათ შორის გახლდათ დიდი ინგლისელი მწერალი და მხატვარი – ჯონ რესკინი.საზოგადოებასა და ხელოვნებათმცოდნეებში გამოწვეულმა კრიტიკამ,ევერეტი აიძულა სურათისათვის თავდაპირველი სახელწოდება შეეცვალა და მას “სადურგლო სახელოსნო” უწოდა,რაც ნამდვილად არ შეესაბამებოდა მის სიუჟეტში ასახული სიმბოლოების ჭეშმარიტ არსს.დღესდღეობით,ჯონ ევერეტ მილეს შესანიშნავი სურათი – “ქრისტე მშობლების სახლში” დაცულია ლონდონში მდებარე – “ტეიტ ბრიტანეთის” სახელოვან მუზეუმში. (ავტორი გენია.ჯი)